ახალი ამბები

ლათინური სიტყვებიდან Z და V ამოვაგდოთ თუ ფილმი “ზორო” აღარ გავუშვათ – ქადაგიშვილი

21 აპრილი, 2022 • 1495
ლათინური სიტყვებიდან Z და V ამოვაგდოთ თუ ფილმი “ზორო” აღარ გავუშვათ – ქადაგიშვილი

„ჩვენს ასობგერასა და ანბანში Z და V სხვანაირი ფორმის არის და დაგვანებონ თავი ცოტა ხანი. ლათინური სიტყვებიდან Z და V ამოვაგდოთ თუ რას ითხოვენ? ფილმი „ზორო“ აღარ გავუშვათ თუ…“, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ წევრი პარლამენტარი ირაკლი ქადაგიშვილი „ლელოს“ ინიციატივას, რომელიც უკრაინის ომში რუსეთის მიერ გამოყენებული სიმბოლოების, მათ შორის Z-ს, V-სა და გეორგიევსკის ბაფთის აკრძალვას შეეხება.

ქადაგიშვილის თქმით, მისთვის გაუგებარიას, ზუსტად რის აკრძალვას ითხოვს „ლელო“, რადგან საქართველოში რუსული პროპაგანდა არ ხდება და არც რუსულ აგრესიასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული ნიშნები გამოიყენება.

„ვერ გავიგე, რა უნდა გავაკეთოთ? არ ვიცი, ზუსტად რას გულისხმობს Z-ს და V-ს არგამოყენება. იმიტომ, რომ არსებობს  საერთაშორისო ბრენდები, სადაც Z და V ასე თუ ისე გამოყენებულია, ათასი რამეა… აქედან გამომდინარე, არ ვიცი, ამ ასოების გამოყენება როგორ უნდა ავკრძალოთ. ზოგადად, საქართველოში პროპაგანდა არ ხდება.

ერთ-ერთმა მწერალმა თქვა, რომ “ჯარისკაცის მამაც“ იმ პროპაგანდის ნაწილიაო, ავკრძალოთ „ჯარისკაცის მამაც“? ხშირად გვაქვს იდეოლოგიურ და პოლიტიკურ სპეკულაციასთან საქმე. ჩვენთან არც „გეორგიევსკის ლენტი“ გამოიყენება საქართველოში და არც სხვა რაიმე ნიშანი, რაც რუსული აგრესიის პროპაგანდის საგანია. ჩვენ თუ ასე წავედით, მაშინ „გიორგი სააკაძეც“ უნდა ავკრძალოთ, რადგან რუსეთია ნახსენები და საბჭოთა პერიოდში გადაღებულია, და “ჯარისკაცის მამაც“ უნდა ავკრძალოთ. მე ვფიქრობ, ამას უფრო კამპანიური ხასიათი აქვს, ვიდრე რეალურად რუსულ პროპაგანდასთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, სიმბოლოები, რომელთაც რუსული არმია იდენტიფიკაციის მიზნით იყენებს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის მოლდოვაში, აიკრძალა. გეორგიევსკის ბაფთა მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების სიმბოლოა, თუმცა პუტინის რუსეთში პანრუსული შოვინიზმისა და იმპერიალიზმის სიმბოლოდ იქცა.

„ლელოს“ განცხადებით, მსგავსი პროპაგანდისტული სიმბოლოების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ეროვნული ინტერესია.

ლელო „Z-ს“ „V-სა“ და გეორგიევსკის ბაფთის აკრძალვის ინიციატივით გამოდის

მასალების გადაბეჭდვის წესი