ახალი ამბები

რუსეთმა ბალტიისპირეთის ქვეყნების საკონსულოების ნაწილი დახურა

21 აპრილი, 2022 • 768
რუსეთმა ბალტიისპირეთის ქვეყნების საკონსულოების ნაწილი დახურა

რუსეთი ხურავს ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ზოგიერთ საკონსულოს და აცხადებს, რომ მათ თანამშრომლებს ქვეყნის დატოვება მოუწევთ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დაიბარეს ლატვიის და ესტონეთის ელჩები და ლიეტუვის დროებითი რწმუნებული. უწყების ცნობით, მათ პროტესტი გამოუცხადეს კლაიპედაშილიეპაიაშიდაუგავპილსშინარვაში რუსეთის გენერალური საკონსულოს და ტარტუში საკონსულო განყოფილებების კანცელარიის დახურვასთან დაკავშირებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ორმხრივობის პრინციპის საფუძველზე, აგრეთვე ამ ქვეყნების ხელისუფლების მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის გამო, უფლებამოსილება შეუჩერდა ლატვიის გენერალურ საკონსულოს სანქტ-პეტერბურგში, ლატვიის საკონსულოს ფსკოვში, ესტონეთის გენერალურ საკონსულოს სანქტ-პეტერბურგსა და მის კანცელარიას ფსკოვში, ასევე, ლიეტუვის გენერალური საკონსულოს სანქტ-პეტერბურგში.

„ესტონეთის და ლატვიის ზემოაღნიშნული საკონსულო წარმომადგენლობების ხელმძღვანელები და სხვა თანამდებობის პირები ცხადდებიან „პერსონა ნონ გრატად“, ხოლო საკონსულოს თანამშრომლები და აღნიშნული დაწესებულებების ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი, რომლებიც არ არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, მიუღებელ პირებად. მოთხოვნილია, რომ მათ დატოვონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორია იმავე ვადაში, რომელიც გამოყოფილი იყო ამ ქვეყნებიდან რუსეთის საკონსულო წარმომადგენლობების თანამშრომლების გასასვლელად“, — ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ბუჩაში რუსეთის სამხედროების მიერ მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის საპასუხოდ, აპრილის დასაწყისში, ლიეტუვამ და ლატვიამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე დაბლა დასწიეს. ლიეტუვამ რუსეთის ელჩს ქვეყანა დაატოვებინა და კლაიპედაში რუსეთის საკონსულოს დახურვის შესახებ გამოაცხადა. საერთო ჯამში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უცხოურმა ქვეყნებმა 400-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს. მოსკოვი ყველა ასეთ გადაწყვეტილებას პასუხობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი