ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“მნიშვნელოვანია, შეიქმნას პირობები აფხაზეთში არჩევნების ჩასატარებლად” – ზახაროვა

22 ნოემბერი, 2024 •
“მნიშვნელოვანია, შეიქმნას პირობები აფხაზეთში არჩევნების ჩასატარებლად” – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალს აფხაზეთში განვითარებულ ვითარებას და მხედველობაში იღებს შეთანხმებებს დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას “აუცილებელი პირობები” აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად.

“ჩვენ ვადევნებთ თვალყურს აფხაზეთის რესპუბლიკაში ვითარების განვითარებას. ის ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და პარტნიორია. 15 ნოემბერს გამოქვეყნდა კომენტარი. ჩვენ ფუნდამენტურად შევაფასეთ ქვეყანაში არსებულ შიდაპოლიტიკური კრიზისი და გავაზიარეთ ჩვენი აზრი ამ მძიმე სიტუაციიდან გამოსავლის შესაძლო გზების შესახებ. მოსკოვმა გაითვალისწინა აფხაზეთის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებები, რამაც შესაძლებელი გახადა დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება. მნიშვნელოვანია, შეიქმნას აუცილებელი პირობები აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც, როგორც გვესმის, 2025 წლის 19 თებერვლამდე უნდა ჩატარდეს” ,- აღნიშნა ზახაროვამ.

ზახაროვას თქმით, წორედ “აფხაზ ხალხს მოუწევს აირჩიონ სახელმწიფოს მეთაური, რომელიც უზრუნველყოფს რესპუბლიკის უსაფრთხო, სტაბილურ, პროგრესულ განვითარებას.”

“ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ მას საფუძვლად ძლიერი მოკავშირე ურთიერთობები აქვს რუსეთთან, რომელიც რჩება აფხაზეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გარანტი” ,- განაცხადა მან.


19 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბჟანიას გადადგომის შესახებ განცხადება დაამტკიცა.

“ნუჟნაია გაზეტას” ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა 31-მა დეპუტატმა მიიღო, 2 ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა.

“ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი 28 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ერთმა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგი მისცა. პარლამენტმა კენჭისყრის შედეგები დაამტკიცა”, – წერს ტელეგრამ არხი.

დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი, ბადრა გუნბა შეასრულებს.

იქამდე, 15 ნოემბერს დაწყებული პროტესტის ფონზე ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ დე ფაქტო ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, გადადგომას არ აპირებდა, თუმცა, მოგვიანებით მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მზად არის,  გადადგეს მას შემდეგ, როდესაც პროტესტის მონაწილეები სოხუმის სამთავრობო შენობების კომპლექსს დატოვებენ. გარდა ამისა, ბჟანიამ აღნიშნა, რომ მზად არის, შემდგომ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა კვლავ წარადგინოს.

პროცესებს წინ უძღოდა ოპოზიციის პროტესტები რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო, რომელსაც ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა. კანონპროექტი უკვე უკან გაიწვიეს. პროტესტების დროს ოპოზიციის მხარდამჭერებმა დაიკავეს „სახელმწიფო შენობები“, ასევე შეანგრიეს დე ფაქტო პარლამენტის ჭიშკარი. საპოლიციო ძალებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.რუსეთისა და  აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.აღნიშნულ შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან აფხაზური საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები.დოკუმენტს ხელი მოაწერეს დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი