ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სუს-ის ცნობით, რუსი სამხედროების მიერ 2021 წელს დაკავებული მოქალაქე თავისუფალია

19 აპრილი, 2022 • 2223
სუს-ის ცნობით, რუსი სამხედროების მიერ 2021 წელს დაკავებული მოქალაქე თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული სოფელი წინაგარას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ კანიაშვილი თავისუფალია.

სუს-ის ცნობიითვე, ვლადიმერ კანიაშვილი საოკუპაციო ძალებმა 2021 წლის 9 დეკემბერს დააკავეს.

“უკანონო პატიმრობაში მყოფი ვლადიმერ კანიაშვილის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. უკანონო დაკავების და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში”.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

“ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება”.

რუსი სამხედროები კონფლიქტის ხაზთან ცხინვალის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეებს პერიოდულად “საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით” აკავებენ და ცხინვალში გადაჰყავთ, რის შემდეგაც, როგორც წესი, ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. თუმცა, რიგ შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქეებს ცხინვალის ციხეში წლების ან თვეების განმავლობაში ამყოფებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი