ახალი ამბები

კონკურსები და გარიგებები ბათუმის უნივერსიტეტში

8 აგვისტო, 2011 • 2952
კონკურსები და გარიგებები  ბათუმის უნივერსიტეტში

ბათუმის უნივერსიტეტი ერთი წელია კონკურსებისა და გაუგებრობების რეჟიმში ცხოვრობს. გაუგებრობების მიზეზი კონკურსების შედეგები და “უკანონო გარიგებებია”. პირველი კონკურსის შედეგად 154-მა მონაწილემ ვერ დააკმაყოფილა აკადემიური თანამდებობის დაკავების პირობები, მაგრამ ამათგან მხოლოდ 17 დარჩა უნივერსიტეტს მიღმა.  ამჟამად უნივერსიტეტი კიდევ ერთი კონკურსის მოლოდინშია.

 “რექტორი დამპირდა, რომ ერთი კვირის განმავლობაშისრული პროფესორის თანამდებობაზე დავინიშნებოდი.როგორც გაირკვა, ასე დაუბარა სხვა მომჩივნებსაც.თუ კონკურსი ობიექტურად ჩატარდა, რატომ წავიდა რექტორი გარიგებაზე ჩვენთან?” _ ეს არის ამონარიდი  გაზეთ „ბათუმელების“ ერთ-ერთი სტატიიდან, რომლის ავტორი ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი, ნინო კიკნაძეა. ნინო კიკნაძე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ბათუმის უნივერსიტეტის მიერ აკადემიურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში წარმატებას ვერ მიაღწია. პროფესორ ქალბატონს არც ერთ კონკურსში არ გაუმართლა. მან სასამართლოში შესატანი საჩივარიც ორჯერ დაწერა, მაგრამ პირველ განცხადებას, რომლითაც პირველი კონკურსის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა, დღის სინათლე არ ღირსებია. ეს ხელმოუწერელი სასარჩელო განცხადება ჯერ კიდევ ინახება არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ოფისში.

 რატომ არ გაასაჩივრა ნინო კიკნაძემ პირველი კონკურსის შედეგები? ამ კითხვას პასუხს თავად სცემს და ამბობს, რომ რექტორი მათთან „გარიგებაში“ შევიდა და დაჰპირდა, რომ კონკურსს ხელმეორედ გამოუცხადებდა, თვითონ კი რექტორის „კაცურ სიტყვას“ ენდო.

 ალეკო ბაკურიძის „კაცური სიტყვის“ ნდობის გამო სასამართლოში საჩივრის შეტანა კონკურსში დამარცხებულმა კიდევ 24 პროფესორმა გადაიფიქრა. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ კონკურსი ორჯერ გამოაცხადა. პირველი კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად 2009 წლის სექტემბრის თვეში ჩატარდა, 383 კონკურსანტი მონაწილეობდა. სულ პროფესორის 236 ვაკანსია იყო. პირველი კონკურსის შედეგად მხოლოდ 229 გამარჯვებული გამოვლინდა, 154-მა კი, შესაბამისად, კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა. გაზეთ „ბათუმელებმა“ უნივერსიტეტიდან იმ პირების სია გამოითხოვა, რომლებიც პირველ კონკურს-ში დამარცხდნენ, მაგრამ ადმინისტრაციული თანამდებობები ან საათობრივი დატვირთვა მიიღეს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სამუშაო ადგილები შემდეგი პირებისთვის შექმნა სპეციალურად: ირინა ვაშაყმაძე _ სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისდა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (დეკანის მოადგილე); ხათუნა დიასამიძე – სოციალური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; მზია ხახუტაიშვილი – დეკანის მოადგილე; ინგა შამილიშვილი — ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; ივდით დიასამიძე — ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; ქეთევან დოლიძე – ბიოლოგიის დეპარტამენტის დეკანის მოადგილე; ნატო ზოსიძე _ ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

 ამ სიაში არ არიან ის პედაგოგები, რომლებმაც პირველ კონკურსში ვერ გაიმარჯვეს, მაგრამ ადმინისტრაციული თანამდებობები მათ კონკურსამდეც ეკავათ და ახლაც იმავე თანამდებობებზე არიან. მეორედ კონკურსი 23 ვაკანსიაზე გამოცხადდა და მასში სულ 36 კონკურსანტი მონაწილეობდა. მათ შორის 12 ვაკანსიაზე მხოლოდ თითო განაცხადი ჰქონდათ შეტანილი. ეს კონკურსი იმითაც იყო საინტერესო,რომ ისეთი ვაკანსიები გაჩნდა, როგორიც პირველი კონკურსის დროს საერთოდ არ არსებობდა. უნივერსიტეტში გაზეთ “ბათუმელებს~ განუმარტეს, რომ ახალი ვაკანსიები „გადათამაშების“ შედეგად მიიღეს.

მეორე კონკურსის შედეგად აკადემიური თანამდებობა 23-მა პროფესორმა დაიკავა. მათ შორის არიან: ნუგზარ მგელაძე _ ბსუ ყოფილი რექტორი, ლევან ვარშალომიძის თანაშემწე; ზაზა შაშიკაძე _ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; ლალი ზაქარაძე _ უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი; მერაბ ახვლედიანი; ილია ნაკაშიძე; ნერიმან ცინცაძე.

ნერიმან ცინცაძე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც პირველი კონკურსის შედეგები სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა სასარჩელო განცხადება სასამართლოდან მეორე კონკურსში გამარჯვების შემდეგ, 2010 წლის თებერვალში, გამოიწვია. ორივე კონკურსის შედეგად კი მხოლოდ 17 პედაგოგი დარჩა უნივერსიტეტს მიღმა (მათგან ოთხი ბათუმის უნივერსიტეტის თანამშრომელი არასოდეს ყოფილა). ამ პედაგოგებს, დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა,იურისტმა, გენო გელაძემ, პირადად მოუმზადა სარჩელი და სასამართლოშიც უფასოდ აპირებდა მათი უფლებების დაცვას, თუმცა მას ამის საშუალება არ მიეცა: „სამწუხაროა, რომ უნივერსიტეტის პედაგოგების უმრავლესობამ, რომლებიც მზად იყვნენ შეეტანათ კოლექტიური სარჩელი სასამართლოში, დაიწყეს მოლაპარაკებები ადმინისტრაციასთან და მიიღეს დაპირება, რომ სასამართლოში სარჩელის არშეტანის სანაცვლოდ კონკურსს გამოაცხადებდნენ ხელმეორედ ან დანიშნავდნენ ადმინისტრაციულ თანამდებობებზე. სამწუხაროდ, პედაგოგები უკანონო გარიგებაში შევიდნენ ადმინისტრაციასთან და კონკურსის შედეგების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა ხელიდან გაუშვეს“.

გაზეთი „ბათუმელები“ რამდენიმე კონკურსანტს ესაუბრა „გარიგების თემატიკაზე“. მათი განმარტებით, გარიგების საფუძველი ადმინისტრაციის მხრიდან ფინანსური დაინტერესება არ ყოფილა: „ადმინისტრაციის მოთხოვნა იყო სასამართლოდან განცხადების გამოწვევა ან საერთოდ არ შეტანა“.

 

დარღვევები

 უნივერსიტეტმა კონკურსი „ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად“ 2009 წლის 10 ივლისის #80 დადგენილების საფუძველზე გამოაცხადა. ამ დადგენილების თანახმად, „კონკურსის ვადები 31 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით განისაზღვრა“, საბუთების მიღების ვადად კი 10 აგვისტოდან 27 აგვისტომდე პერიოდი დადგინდა. განისაზღვრა საკონკურსო პირობებიც: სრულ და ასოცირებულ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებული იყო წარედგინა, „დარგის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის კონცეფცია სწავლების სამივე დონეზე და ასევე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული საუკეთესო ნაშრომი. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში წაკითხული სალექციო კურსის ძირითადი კურსის სილაბუსით“.

31 აგვისტოს, როდესაც უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო საბუთების მიღება და დაწყებულიყო კონკურსი, მოულოდნელად უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ კონკურსანტთა შეფასების წესი შეცვალა. გენო გელაძე: „კონკურსანტთა შეფასების წესთან დაკავშირებით შესული ცვლილების მიხედვით,კონკურსანტები მოულოდნელად ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. მათ აღარ მიეცათ საშუალება ახალი მოთხოვნების მიხედვით წარედგინათ საბუთები კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. რითაც დაირღვა მათი უფლებები“.

ჟანა ჯიბლაძე _ უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი: „არსად წერია, რომ შერჩევა გასაუბრებისა და სილაბუსის წესით უნდა ჩატარებულიყო. უბრალოდ, 31 აგვისტოს ცვლილებით დაკონკრეტდა წესები. თანაც, ცვლილება მაშინ შევიდა, როცაჯერ კიდევ არ იყო დასრულებული საბუთების მიღება. თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, ეს კონკურსანტისთვის შინაარსობრივად არაფერს ცვლიდა. კონკურსანტს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული ნაშრომები მაინც უნდა წარმოედგინა“ .ახალი ცვლილების თანახმად, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის, ალეკო ბაკურიძის ბრძანებით,კონკურსანტების შესაფასებლად უნდა ეხელმძღვანელათ 2009 წლის 3 ივნისის #55 დებულებით. ეს იმას ნიშნავდა, რომ გამოცხადებული გასაუბრების და სილაბუსების ნაცვლად კონკურსანტებს შეაფასებდნენ ქულების მიხედვით (ქულები 33 პუნქტით უნდა მიენიჭებინათ). მაგალითად, გამოცემული სახელმძღვანელო 20 ქულით შეფასდებოდა, მონოგრაფია -15-ით, კრებული – 10 ქულით და ასე შემდეგ. თანაავტორობის შემთხვევაში კი ქულათა რაოდენობა ავტორებზე თანაბრად გაიყოფოდა.

უნივერსიტეტიდან გამოთხოვილი ოქმების მიხედვით, ქულათა დაჯამების ზემოთ მითითებული წესი საერ-თოდ იგნორირებულია. ოქმების მიხედვით არსად ჩანს, რომელმა კონკურსანტმა რამდენი ქულა მოაგროვა. ოქმებში გამარჯვებული კანდიდატის გვარის გასწვრივ იმდენი ქულა წერია, რამდენი წევრიც კომისიაში იყო, დამარცხებული კანდიდატების გასწვრივ კი მხოლოდ 0-ია მითითებული. შესაბამისად, უცნობია, დამარცხებული კანდიდატი რამდენი ქულით ჩამორჩებოდა გამარჯვებულს (383 ოქმის იდენტურობა კომისიის გადაწყვეტილების ერთსულოვნებას საეჭვოს ხდის). საკონკურსო კომისიას დაევალა ეხელმძღვანელა 55-ე დებულებით, რომელიც როგორც ირკვევა, შიდა საუნივერსიტეტო დოკუმენტია: დასახელებული დებულებით რეგულირდება სწავლების და სამეცნიეროკვლევითი საქმიანობის მიზნით აკადემიური პერსონალისა და მეცნიერ-თანამშრომელთათვის პრემიის გაცემა და არა _ კონკურსის მონაწილეთა შეფასება. გენო გელაძე მიიჩნევს, რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევაა. თუმცა უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასე არ ფიქრობს. „კომისიამ შეფასების დროს იხელმძღვანელა #55 დებულებით და ამისკანონიერი უფლება ჰქონდა“, _ ამბობს ჟანა ჯიბლაძე.

გენო გელაძე დაუშვებლად და უკანონოდ მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ „უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიები თავად განიხილავდნენ კონკუსანტთა საჩივრებს, რაც ალოგიკურია“. თუმცა უნივერსიტეტის იურიდიულიდეპარტამენტის ხელმძღვანელი არც ამ შენიშვნას იზიარებს.

 

რა მოხდა ანალიზური ქიმიის მიმართულებაზე?

2010 წლის იანვარში გამართულ მეორე კონკურსის შედეგებს სასამართლოში ანალიზური ქიმიის მიმართულებაზე ორი ყოფილი კონკურსანტი ასაჩივრებს. ერთ-ერთი ნინო კიკნაძეა. მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. მეორე კი ნაზი გოლიაძეა, რომელსაც ჯერ საჩივარი არ შეუტანია. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, სამი კანდიდატიდან უპირატესობა ალეკო კალანდიას მიენიჭა. გოლიაძეც და კიკნაძეც კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების მთავარ მოტივად იმას ასახელებენ, რომ გამარჯვებული კალანდიას ნაშრომი არ შეესაბამება გამოცხადებულ ვაკანსიას (კალანდია ანალიზური ქიმიის სპეციალისტი არ არის, იგი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია ბიოტექნოლოგიის სპეციალობით). საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის კომისიის თავმჯდომარე (ანალიზური ქიმიის მიმართულება სწორედ ამ ფაკულტეტს მიეკუთვნება), ნუგზარ ღომიძე აცხადებს, რომ სამ კონკურსანტს შორის ქულათა ჯამით კალანდია ლიდერობდა: „კალანდია ერთ დროს იყო ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მაგრამ განათლების რეფორმის ჩატარების შემდეგ, ნებისმიერი მეცნიერებათა კანდიდატი და დოქტორი გაუთანაბრდა აკადემიურ დოქტორს. განათლების კანონის თანახმად,ყველა აკადემიურ დოქტორს აქვს უფლება, მიიღოს მონაწილეობა კონკურსში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, თუ მას აქვს შესაბამისი გამოცდილებამ დარგის მიმართულებით“. რაც შეეხება ნაზი გოლიაძეს, ღომიძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ იგი მნიშვნელოვნად ჩამორ ჩებოდა კალანდიას ქულათა რაოდენობით, მას არც დოკუმენტები ჰქონდა წესრიგში. ცხადია, კომისიას ჰქონდა უფლებამოსილება მოუწესრიგებელი საბუთების მქონე კანდიდატი საერთოდ მოეხსნა კონკურსიდან, მაგრამ გოლიაძის შემთხვევაში ეს ასე არ მომხდარა (კომისიის თავმჯდომარე ამ ფაქტს ჰუმანურობით ხსნის) ნაზი გოლიაძის სასარჩელო განცხადებაში კიდევ ერთი მუხლი იქნება ჩამატებული პატივისა და ღირსების შელახვისათვის. ის კომისიას ტელევიზიით გაკეთებული განცხადებისთვის უჩივლებს, ფრაზის გამო – გაყალბებული 12 დოკუმენტი“. ღომიძე ამბობს, რომ ეს ფრაზა ჟურნალისტის ინტერპრეტაცია იყო. ნუგზარ ღომიძე განმარტავს, რომ არც გოლიაძეს წარმოდგენილი ავტორეფერატი, შტრიხკოდის მიხედვით, არ შეესაბამება ანალიზური ქიმიის მიმართულებას. გოლიაძეს ბათუმის უნივერსიტეტში ამ მოტივით 2006 წელსაც უთხრეს უარი, გამოცხადებულ კონკურსში აკადემიური თანამდებობის დაკავებაზე. თუმცა ყველა ინსტანციის სასამართლომ ბათილად

ცნო უნივერსიტეტის კომისიის ოქმი გოლიაძის სასარგებლოდ. სასამართლოზე წარდგენილ იქნა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტის – შოთა სამსონიასეს დასკვნა: „ნაზი გოლიაძის დიპლომში აღნიშნული შიფრი 02.00.07 მექანიკური შეცდომაა“.

გოლიაძემ უნივერსიტეტში დაბრუნება 2009 წლის მაისში მოახერხა, მაგრამ რამდენიმე თვეში იგი კვლავ იძულებული გახდა სასამართლოსთვის მიემართა. კიდევ ერთი კონკურსანტის _ მერაბ მეგრელიშვილის სასარჩელო განცხადებაში წერია, რომ „მისმა კონკურენტმა 2006 და 2010 წელსაც სამეცნიერო ნაშრომების გრაფის გასწვრივ მიუთითა, – „გაგზავნილია დასაბეჭდად“. გაზეთ“ ბათუმელების“ კითხვაზე – კომისიას ჰქონდა თუ არა ასეთი შრომებისთვის ქულის მინიჭების უფლება, ჟანა ჯიბლაძე განმარტავს: „ვინ რა გაითვალისწინა, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. ეს ასე რომც ყოფილიყო, მე იურისტი ვარ და ჩემთვის დოკუმენტია მთავარი. ოქმში ეს ასახული არ არის,ამიტომ ამ ფაქტის არც..

ბათუმის უნივერსიტეტი
ბათუმის უნივერსიტეტი

ფაქტის არც უარყოფა შემიძლია და არც დადასტურება“. ბათუმის საქალაქო სასამართლოში გასული 10 დღის განმავლობაში ოთხი კონკურსანტის განცხადება შევიდა. მათი სასარჩელო განცხადებები ერთ ნაწილშია იდენტური: კომისიას მითითებული კრიტერიუმებით არ შეუფასებია კონკურენტები, ოქმში ჩაწერილი არ არის ქულათა ოდენობა.

 

ბათუმის უნივერსიტეტი მორიგი კონკურსისთვის ემზადება. კონკურსი ოფიციალურად ჯერ გამოცხადებული არ არის, თუმცა  გაზეთ „ბათუმელებს“ უნივერსიტეტში ეს ინფორმაცია დაუდასტურეს. ამჯერად ემირიტუსების (საპენსიო ასაკის პროფესორ-მასწავლებელი, რომელსაც ხელფასის ოდენობის ანაზღაურებას უნივერსიტეტი იმ შემთხვევაშიც უხდის, როცა ის არ მუშაობს) ხარჯზე გამოთავისუფლებულ ვაკანსიებზე აპირებს ადმინისტრაცია „განაწყენებული პროფესორების“ დასაქმებას. და თუ უნივერსიტეტი ამ პედაგოგების

დაკმაყოფილებასაც შეძლებს, უპასუხოდ რჩება კითხვა, საერთოდ რატომ ჩატარდა კონკურსი, რაშიც მთლიანობაში 18 ათასამდე ლარი დაიხარჯა?

 

ამავე თემაზე:

პასუხი 17 პროფესორს

პასუხი სტატიაზე „კონკურსები და გარიგებები უნივერსიტეტში“

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი