ახალი ამბებიკომენტარი

იმედია, EU კითხვარის პასუხებიც საჯარო იქნება – ვანო ჩხიკვაძე

15 აპრილი, 2022 • 2719
იმედია, EU კითხვარის პასუხებიც საჯარო იქნება – ვანო ჩხიკვაძე

დღეს, 15 აპრილს, მთავრობამ ევროკავშირისგან საქართველოსთვის გადაცემული კითხვარის პირველი ნაწილი გაასაჯაროვა.

დოკუმენტის პირველი ნაწილი, რომელიც 369 კითხვისგან შედგება,  რამდენიმე ქვეთავადაა დაყოფილი, მათ შორისაა: დემოკრატია და კანონის მმართველობა; ფუნდამენტური უფლებები, რეგიონული საკითხები, საერთაშორისო ვალდებულებები და ეკონომიკური საკითხები.

როგორც ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე ნეტგაზეთთან ამბობს, ევროკომისიისგან ძირითადად აღწერილობითი ხასიათის, სტანდარტული კითხვებია გამოგზავნილი და  მოთხოვნილია ხარისხობრივი, ასევე, რაოდენობრივი ინფორმაცია.

„სტანდარტული კითხვებია, განსხვავება არ არის იმასთან შედარებით, რაც იყო, მაგალითად, სერბეთისა და ბოსნია და ჰერცოგოვინას კითხვარში“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ დრო ძალიან მოკლეა, ევროკომისიაც პარალელურ რეჟიმში მუშაობს კითხვების შედგენაზე და  სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ჯერ კითხვარის პირველი ნაწილი ჩამოვიდა.

როგორც ის აღნიშნავს,  კითხვარის პირველი ნაწილი ყველაზე რთულია, რადგან სწორედ აქაა ის საკითხები თავმოყრილი, სადაც ქვეყანაში ყველაზე მეტი გამოწვევებია. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მისი თქმით, ის უნდა შედგებოდეს ევროკავშირის კანონმდბელობასთან ჰარმონიზაციის შესახებ კითხვებისგან.

როგორც ვანო ჩხიკვაძე ამბობს, ახლა მნიშვნელოვანია, მთავრობამ ის პასუხებიც გახადოს საჯაროო, რომელსაც კითხვარის შესავსებად მოამზადებს და ბრიუსელში გააგზავნის.

მისი თქმით, თუ პასუხებს მთავრობა არ გაასაჯაროებს,  მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციები ეცდებიან, რომ  ეს ინფორმაცია გამოითხოვონ და  საჯარო გახადონ.

ვანო ჩხიკვაძის თქმით, კითხვების მიხედვით, პასუხები დასამალი არ უნდა იყოს და თუ  რაიმე კონფიდეციალურია, შეუძლიათ, ეს ინფორმაცია არ გასცენ.

„განსაკუთრებით საინტერესო იქნება პასუხები კითხვებზე, რომლებიც უკავშირდება მართლმსაჯულების ნაწილს. კერძოდ: სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილს და მის ანგარიშვალდებულების ნაწილს. ასევე, საინტერესოა  მედიასთან დაკავშირებული ნაწილი, ძალიან საინტერესოა 196-ე კითხვა, რომელიც უკავშირდება ჩხრეკას და სატელეფონო მოსმენების პრაქტიკას და კანონმდებლობას, როგორ რეგულირდება ის. ბევრია ასეთი საკითხი“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

ვანო ჩხიკვაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კითხვარის შესასვსებად დრო ძალიან ცოტაა – 4 კვირა, კითხვების რაოდენობაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს სხვა ქვეყნების შემთხვევაში იყო.

„ეს არ არის ისეთი კითხვარი, როგორიც, მაგალითად, ალბანეთს, სერბეთს ან თუნდაც ბოსნია და ჰერცოგოვინას გაეგზავნა. იქ კითხვების რაოდენობა 3-ჯერ მეტი იყო, ვიდრე აქ არის, იმის ჩათვლით, რაც კიდევ უნდა ჩამოვიდეს. აქედან გამომდინარე, [კითხვარის შევსება] მოსწრებადია“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ წარმომადგენელი ხაზს უსვამს იმას, რომ კითხვარის შევსება საკმაოდ სტრესული სამუშაოა  და ამ პროცესში საჯარო მოხელეებს ძალიან დიდი შრომის გაწევა მოუწევთ, რაც მისი თქმით, მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.

მისი თქმით, ახლა სასწორზე კანდიდატის სტატუსი დევს და  ქვეყანას ალტერნატივა არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ კითხვარის შევსება აღნიშნულ დროში მოასწროს.

„ყველანაირი ინფორმაცია იმ უწყებების ქვეშ არის, რომლებიც ამ კითხვებზე პასუხს ამზადებენ და მე არ ველოდები, რომ რაიმე სირთულე იქნება პასუხების მომზადების კუთხით. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად გულწრფელი იქნება შეფასებებში. ეს არის ერთგვარი სკრინინგი, რომელიც ჩვენ დაგვანახებ,ს რა ეტაპზე ვართ, სად გვაქვს პრობლემები და სირთულეები.

თავს ვერ მოვიტყუებთ, ეს ის არის, რაც საბოლოოდ უნდა დაგვეხმაროს. დიაგნოზივით გვქონდეს, რომ ვიცოდეთ, სად ვართ წინ და სად გვაქვს ჩამორჩენა და იქ, სადაც პრობლემებია, იმ საკითხს ყველაზე მეტად მივხედოთ“, – აღნიშნავს ვანო ჩხიკვაძე.


საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მანამდე „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა 2024 წელს, ხოლო კანდიდატის სტატუსს 2030 წლამდე ელოდა.

უკრაინას უკვე – 8 აპრილს, საქართველოსა და მოლდოვას კი 11 აპრილს, გადაეცა ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი. კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარი (Questionnaire) წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ხდება გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. კითხვარზე აპლიკანტი სახელმწიფოსგან მიღებული პასუხების შემდეგ ევროკომისია ამზადებს ანგარიშს და იძლევა რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.

როგორც წესი, კითხვარის შევსების და კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურა წლობით გრძელდება, თუმცა ამჯერად პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს და ქვეყნებს კითხვარის შესავსებად ერთთვიანი ვადა მიეცათ, ევროკომისიის შეფასება კი, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მზად.

მასალების გადაბეჭდვის წესი