ახალი ამბები

კარგი ადგილი იქნება დაივინგისთვის – რეზნიკოვი Москва-ს ჩაძირვაზე

15 აპრილი, 2022 • 3273
კარგი ადგილი იქნება დაივინგისთვის – რეზნიკოვი Москва-ს ჩაძირვაზე

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ ადგილი, სადაც რუსული სარაკეტო კრეისერი Москва ჩაიძირა, კარგი ადგილი იქნება დაივინგისათვის.

„რუსული ფლოტის „ფლაგმანი“ კარგი ადგილია დაივინგისათვის. კიდევ ერთი სადაივინგე ადგილი გაგვიჩნდა შავ ზღვაში. აუცილებლად ვეწვევი ჩაძირულ ხომალდს ომში გამარჯვების შემდეგ“, – წერს ოლექსი რეზნიკოვი ტვიტერზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 14 აპრილს დაადასტურა რუსული სარაკეტო კრეისერის, Москва-ს ჩაძირვა.

13 აპრილს უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ შავ ზღვაში Москва-ს უკრაინული წარმოების ნეპტუნის რაკეტები მოხვდა, რის გამოც მას ცეცხლი გაუჩნდა.

მოგვიანებით ცეცხლის შესახებ ინფორმაცია რუსულმა სამთავრობო მედიამაც გაავრცელა, თუმცა უკრაინის თავდასხმა არ უხსენებია.

14 აპრილს, გვიან ღამით გავრცელებულ ცნობებში „რია“ წერს, რომ ხომალდი „დეტონაციის“ შედეგად დაზიანდა და შტორმის დროს ჩაიძირა.

უკრაინული Forbes-ის ცნობით, Москва-ს ღირებულება დაახლოებით 750 მილიონი დოლარია და ამ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული სამხედრო ტექნიკაა, რომელიც უკრაინულმა მხარემ ომში გაანეიტრალა.

ექსპერტების შეფასებით, რუსული სარაკეტო კრეისერის, Moskva-ს დაზიანება არის როგორც სიმბოლური, ასევე სამხედრო ღირებულების მატარებელი, რადგან შავ ზღვაში რუსული ფლოტის ფლაგმანი იყო.

რუსული სარაკეტო კრეისერი Moskva წარმოადგენს 1164 პროექტის ატლანტის კლასის ლიდერ გემს.

ის თავდაპირველად ააგეს საბჭოთა კავშირში, უკრაინაში, მიკოლაევის ოლქში. გემის პირველი სახელი „Slava“, ანუ დიდება იყო.

გემი გამოიყენებოდა 1989 წელს, სსრკ-სა და აშშ-ს შორის გამართულ მოლაპარაკებების დროს, რომელიც ისტორიაში მალტის სამიტის სახელით შევიდა. სამიტში საბჭოთა კავშირის მხრიდან მონაწილეობდა იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, მოგვიანებით კი საქართველოს პრეზიდენტი – ედუარდ შევარდნაძე.

მოგვიანებით, 2000 წელს, გემს დღევანდელი სახელი ეწოდა.

2008 წელს მონაწილეობდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში. ასევე, სირიისა და ყირიმის ანექსიის კამპანიებშიც.

სწორედ ეს გემი მოუწოდებდა კუნძული ზმეინის დამცველებს დანებებისაკენ.

სარაკეტო კრეისერი აღჭურვილია სარადარო და სარაკეტო სისტემებით, ასევე, ტყვიამფრქვევებითა და ნაღმტყორცნებით.

კრეისერს შეუძლია ვერტმფრენების მიღებაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი