ახალი ამბები

ძალადობის შესახებ კანონში ოჯახის წევრის განმარტებას “ინტიმური პარტნიორი” დაემატება

14 აპრილი, 2022 • 1394
ძალადობის შესახებ კანონში ოჯახის წევრის განმარტებას “ინტიმური პარტნიორი” დაემატება

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ძალადობის შესახებ კანონში ოჯახის წევრის კატეგორიას ახალი ცნება – “ინტიმური პარტნიორი” ემატება.

ამჟამინდელი რედაქციით, პრევენციული მექანიზმები (შემაკავებელი და დამცავი ორდერები) მხოლოდ ოჯახის წევრზე ვრცელდება. კანონპროექტის თანახმად კი, კანონში ინტიმური პარტნიორის კატეგორიაც დაემატება.

კანონპროექტის თანახმად, “ინტიმურ პარტნიორად” მოიაზრებიან ადამიანები, რომლებიც არც რეგისტრირებულ და არც არარეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებიან და არც საოჯახო მეურნეობას ეწევიან ერთად, თუმცა არიან ან იყვნენ ინტიმურ ურთიერთობაში, რაც რომანტიკულ ან/და სქესობრივ ურთიერთობას მოიცავს. (ანუ ორი ადამიანი, რომლებიც არც ახლა ცხოვრობენ ერთად და არც უცხოვრიათ, თუმცა აქვთ გარკვეული რომანტიკული ურთიერთობის ისტორია)

რომანტიკულ და სქესობრივ ურთიერთობას კი კანონპროექტი შემდეგნაირად განმარტავს:

“რომანტიკული ურთიერთებისას წყვილს/პარტნიორებს ერთმანეთთან აქვთ (ჰქონდათ) რეგულარული კონტაქტი, ემოციური კავშირი, ამ დროს პირები ხასიათდებიან წყვილის იდენტურობით, იციან ერთმანეთის ცხოვრების შესახებ, აქვთ ფიზიკური ან/და სქესობრივი ურთიერთობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინტიმურ პარტნიორებად განიხილებიან ასევე პირები, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ არ აქვთ რომანტიკული დამოკიდებულება, მაგრამ არიან ინტიმურ ურთიერთობაში”.

კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული ცვლილება იმ პირთა დაცვას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს, რომლებიც მოქმედი კანონის ფარგლებში არ ექცევიან. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ამჟამად “ინტიმური პარტნიორი” საქართველოში არცერთი საკანონმდებლო აქტით არ განიმარტება, შესაბამისად, კანონი მათ არ განიხილავს ოჯახის წევრად და მათზე არ ვრცელდება ისეთი პრევენციული მექანიზმები, როგორიცაა შემაკავებელი და დამცავი ორდერები.

ამასთან, კანონპროექტში განმარტებულია, რომ კანონში “ინტიმური პარტნიორის” დამატება სტამბოლის კონვენციის დანაწესს უკავშირდება, რომლის თანახმადაც, “ოჯახში ძალადობა” ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს გულისხმობს, “რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ, ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა”.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” იურისტი, ცირა ჯგერენაია კანონში “ინტიმური პარტნიორის” ცნების დამატებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მისი განმარტებით, ეს ცვლილება მოძალადე პარტნიორის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცედურას მნიშვნელოვნად გაამარტივებს, რაც ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვას მეტად უზრუნველყოფს:

“ეს ძალადობის შემთხვევაში ამარტივებს რეაგირებას და ნიშნავს, რომ ქალი უკეთესად შეძლებს თავის დაცვას და იმ სამართლებრივი და შემდეგ სახელმწიფო სერვისების გამოყენებას, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის არსებობს.

ადრე შემაკავებელი ორდერის გამოწერისთვის, პარტნიორისგან ძალადობის შემთხვევაში, საჭირო იყო გენდერული ნიშნის გამოკვეთა, ანუ, ქალზე ძალადობა გენდერული ნიშნით. თუმცა ამ ნიშნის გამოკვეთა რთულია, რადგან იმ პირებს, ვინც შემაკავებელ ორდერს წერენ და გამოსცემენ, ხშირად არ აქვთ შესაბამისი ცოდნა და ინფორმაცია. განსაკუთრებით კი- რეგიონებში”, – განმარტავს ჯგერენაია “ნეტგაზეთთან”.

მისი თქმით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გამოცემა გამარტივდება, რადგან “გვექნება პარტნიორის განმარტება” და კანონი “მოგვცემს შესაძლებლობას”, რომ დამატებითი საფეხურების გავლის გარეშე პარტნიორის მიმართ გამოიცეს შემაკავებელი ორდერი.

კანონპროექტის შესახებ ვრცლად ნახეთ:

თავშესაფრით სარგებლობისთვის მსხვერპლის სტატუსის მიღება აუცილებელი არ იქნება

მასალების გადაბეჭდვის წესი