ახალი ამბები

თავშესაფრით სარგებლობისთვის მსხვერპლის სტატუსის მიღება აუცილებელი არ იქნება

14 აპრილი, 2022 • 783
თავშესაფრით სარგებლობისთვის მსხვერპლის სტატუსის მიღება აუცილებელი არ იქნება

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ქალთა თავშესაფრით სარგებლობისათვის აღარ არის აუცილებელი მსხვერპლის სტატუსის
მიღება. წესით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ძალადობის მსხვერპლებს უნდა გაუმარტივოს თავშეასფრის მიღება და არ მოუწიოთ ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა.

ცვლილება შედის კანონში “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებების მთავარ მიზანს წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება და სახელმწიფო მომსახურებებით, მათ შორის თავშესაფრებით, სარგელობლობისთვის არსებული ბარეიერებისა და გამოწვევეის დაძლევა.

დოკუმენტი რამდენიმე ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის:

    • უქმდება მხადაჭერის მომსახურებით, მათ შორის თავშესაფრით, სარგებლობისთვის მსხვერპლის სტაუტუსის არსებობის წინაპირობა;
    • ოჯახის წევრის განმარტებაში ემატება “ინტიმური პარტნიორის” ცნება;
    • განიზაღვრება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება, მონაწილეობა მიიღონ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ როგორც პრევენციული ხასიათის, ასევე მსხვერპლთა დაცვის დახმარების ღონისძიებებში.

კანონპროექტის თანახმად, შეთავაზებული ცვლილებით მოხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფა სტამბოლის კონვენციის დებულებებთან.

მისი ინიციატორები არიან: ნინო წილოსანი, ხათუნა კვიციანი, მიხეილ სარჯველაძე, ნინო იობაშვილი, თეონა აქუბარდია, რამინა ბერაძე და რატი იონათამიშვილი.

თავშესაფრით სარგებლობა

კანონში შესატან ცვლილებებს დადებითად აფასებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” [TI]. ორგანიზაციის განმარტებით, მოქმედი რედაქციით, სახელმწიფო სერვისებით, მათ შორის თავშესაფრით, სარგებლობისთვის აუცილებელი წინაპირობაა მსხვერპლის სტატუსის არსებობა, რომლის მოპოვების სამი ალტერნატივა არსებობს:

  • მსხვერპლის სტატუსი;
  • შემაკავებელი ორდერი;
  • დამცავი ორდერი.

ცვლილებით კი, მხარდაჭერის სარგებლობისთვის (მათ შორის თავშესაფრით სარგებლობისათვის) მსხვერპლის სტატუსის არსებობა აღარ არის საჭირო.

რაც შეეხება თავშესაფრით სარგებლობას, მოქმედი რედაქციით, აუცილებელია მსხვერპლის სტატუსის არსებობა, რომელიც შესაბამის პროცედურებთან არის დაკავშირებული. სწორედ სტატუსის შესაბამისად განისაზღვრება პირის თავშესაფარში მოთავსების საკითხი.

შეთავაზებული ცვლილებებით კი, თავშესაფრით სარგებლობისთვის აღარ არის აუცილებელი მსხვერპლის სტატუსის ქონა.

ასევე, თავშესაფრის მიმწოდებლის მიერ განისაზღვრება კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება პირისთვის თავშესაფრის მომსახურების მიწოდების ან უარის თქმის შესახებ.

ამასთან, თავშესაფრით სარგებლობის ვადა 3 თვიდან იზრდება 4 თვემდე.

ძალადობის მსხვერპლს კი ეხსნება ვალდებულება, რომლის თანახმადაც, თავშესაფრით სარგებლობისთვის ის უნდა თანამშრომლობდეს სამართალდამცავ ან პროკურატურის ორგანოებთან და მოძალადის შესახებ ინფორმაციას აწვდიდეს.

მხარდაჭერის პროგრამები

TI-ის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მხარდაჭერის ცალკეული პროგრამები, კანონმდებლობა სისტემატიზირებულად არ განმარტავს მხარდაჭერის მომსახურებას.

შეთავაზებული ცვლილებით კი ეს მომსახურება/პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს მსხვერპლთა მხარდაჭერას რომელიმე შემდეგი მიმართულებით:

  • მსხვერპლთა დაცვა;
  • სამართლებრივი დახმარება;
  • ფსიქოლოგიური და სოციალური დახმარება/რეაბილიტაცია და მათი ფიზიკური თუ ფსიქოემოციური გაჯანსაღებისთვის ზრუნვა;
  • დროებითი საცხოვრისით (თავშესაფრით) უზრუნველყოფა;
  • ჯანმრთელობის დაცვა;
  • პროფესიული მომზადების ან/და დასაქმების ხელშეწყობა;
  • ან სხვა ისეთი დახმარება, რომელიც მსხვერპლის საჭიროებაზეა მორგებული. მხარდაჭერის მომსახურებას/ პროგრამას ახორციელებს სახელმწიფო, უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით.

მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება

ასევე, ამჟამად არსებული რედაქციით, საკანონდებლო დონეზე არსებობს მხოლოდ ზოგადი ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ მუნიციპალიტეტებს ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით ღონისძიებების განხორცილების უფლებამოსილება აქვთ, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტების კონკრეტული უფლებამოსილებები არ არის განსაზღვრული.

შემოთავაზებული ცვლილებით კი, ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განმახორციელებელ ერთ-ერთ ორგანოდ ემატება მუნიციპალიტეტი, ასევე ზუსტდება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები:

“მუნიციპალიტეტები უფლებამოსილი იქნებიან, შექმნან მხარდაჭერის მომსახურება და განახორციელონ ისეთი მიზნობრივი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მსხვერპლთა მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით: სამართლებრივი დახმარება, ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაცია, ასევე, დროებითი საცხოვრისით (თავშესაფრით) უზრუნველყოფა და სხვა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი