ახალი ამბები

სპეცრაზმელს წარუდგინეს შვილების თანდასწრებით ცოლზე ძალადობის ბრალდება

21 თებერვალი, 2024 • 1064
სპეცრაზმელს წარუდგინეს შვილების თანდასწრებით ცოლზე ძალადობის ბრალდება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.

როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 და 2024 წლებში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ბრალდებული თავის მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა.

„2023 წლის ოქტომბრისა და დეკემბრის თვეში ბრალდებულმა, თავის მეუღლესთან ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მასზე ფიზიკურად რამდენჯერმე იძალადა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.

2024 წლის თებერვალში ბრალდებული მეუღლეს, სოციალურ ქსელ „Facebook-ით” კომუნიკაციისას, სახლის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“, — აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ცნობაში.

როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, დაზარალებულის მიმართვისთანავე ჩაატარეს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები და მოიპოვეს მტკიცებულებები. ამის შემდეგ, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, კაცს ბრალდება წარუდგინეს საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 11 პრიმა 151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული მუხლები გულისხმობს არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ  სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარას.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს. ჯერჯერობით, ბრალდებული დაკავებული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი