ახალი ამბები

რადის თავმჯდომარესთან ინტერვიუ ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს – კობახიძე

13 აპრილი, 2022 • 733
რადის თავმჯდომარესთან ინტერვიუ ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებ, რომ უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის ინტერვიუ „იმედთან“ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

მისი თქმით, უკრაინაში ვიზიტისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს „ძალიან მეგობრული“ საუბარი იქნება იმ მოთხოვნებზე, რასაც საქართველოს მთავრობა უკრაინას უყენებს.

„ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ინტერვიუ უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან და ეს ინტერვიუ ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს სხვადასხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, რომ ყველა საკითხი ერთბაშად მოგვარდება, შეუძლებელია, თუმცა გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს მეგობრული საუბარი ექნება უკრაინელ კოლეგასთან და ეს გახდება დასაწყისი ყველა საკითხის გადაჭრისათვის“, – განაცხადა კობახიძემ.

გუშინ, 12 აპრილს, უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კომუნიკაცია ჰქონდა შალვა პაპუაშვილთან და იმედი გამოთქვა, რომ მას კიევში შეხვდებოდა. დღეს კი შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის უკრაინაში წასასვლელად და ეს აცნობა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკსაც.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებიც უკრაინაში თანამდებობებს იკავებენ და რომელთა გათავისუფლებასაც საქართველოს მთავრობა ითხოვს, აღნიშნულთან დაკავშირებით რადის სპიკერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 48 დღეა საომარ მდგომარეობაშია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა პოლიტიკური და სხვა სახის დაპირისპირებების დრო არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი