ახალი ამბები

სტეფანჩუკი: პაპუაშვილს ვესაუბრე, ხვალ სატელეფონო საუბარი გვექნება

12 აპრილი, 2022 • 1619
სტეფანჩუკი: პაპუაშვილს ვესაუბრე, ხვალ სატელეფონო საუბარი გვექნება

უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს პარლამენტის სპიკერთან, შალვა პაპუაშვილთან, ხვალ კი ქართველ კოლეგასთან სატელეფონო საუბარსაც გეგმავს.

რუსლან სტეფანჩუკის თქმით, მზადაა განიხილოს ვიზიტის დეტალები და იმედი აქვს, რომ შალვა პაპუაშვილს კიევში შეხვდება:

„მე მივმართე მოწვევით მსოფლიოს ყველა პარლამენტის სპიკერს, რათა ჩამოვიდნენ და საკუთარი თვალით იხილონ, რა ხდება უკრაინაში. მე ასევე მოვიწვიე საქართველოს პარლამენტის სპიკერი, მასთან გვქონდა საუბარი და შევთანხმდით, რომ მასთან მექნება ოფიციალური ზარი. მე მზად ვარ, მასთან განვიხილო ყველა დეტალი მისი უკრაინაში მოწვევაზე. მე მას ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას და, იმედი მაქვს, შევხვდები მას კიევში,“ – ამბობს რუსლან სფეფანჩუკი.

სტეფანჩუკი ასევე მადლობას უხდის პარლამენტის იმ დელეგაციას, რომელიც უკრაინაში აპირებს ჩასვლას, აღნიშნავს, რომ იქ ბევრი ცნობილი დეპუტატია და მზადყოფნას გამოთქვამს ვიზიტის ორგანიზებაში.

რაც შეეხება საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაზე ჟურნალისტის კითხვას, სტეფანჩუკი აღნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლება გრძნობს ქართველი და უკრაინელი ხალხის ურთიერთმხარდაჭერას, სხვა საკითხები კი სახელმწიფოებს შორის, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყდება:

„უპირველეს ყოვლისა მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომელიც დიდ თავშესაფარს აძლევს უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც არიან თქვენი მშვენიერი ქვეყნის ტერიტორიაზე. გახსნილია 41-ე სკოლაში უკრაინული სექტორი. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას. ის არის თანაავტორი მნიშვნელოვანი რეზოლუციების. ვნახე მიტინგების ტრანსლაცია. ვგრძნობ ჩვენი ხალხის ურთიერთმხარდაჭერას. სხვა საკითხებს სახელმწიფოებს შორის გადავწყვეტთ და გამოვალთ ჩვენი ხალხის ინტერესებიდან“, – აცხადებს რადის სპიკერი.

ჟურნალისტმა სტეფანჩუკს ასევე დაუსვა კითხვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც უკრაინაში თანამდებობებს იკავებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით რადის სპიკერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 48 დღეა საომარ მდგომარეობაშია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა პოლიტიკური და სხვა სახის დაპირისპირებების დრო არ არის:

„48 დღეა ვარ ომის მდგომარეობაში ჩვენს ქვეყანაში და ალბათ ყველაზე მძლავრი და ძლიერი მტრის წინააღმდეგ. მე, როგორც ჩვენი პარლამენტის ხელმძღვანელი, პარტიის ლიდერებთან ერთად, პირველსავე დღეს მხარი დავუჭირეთ ტაბუს ნებისმიერ პოლიტიკურ უთანხმოებაზე, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ჩვენ შორის. ჩვენ გვქონდა მკაცრი დებატები მრავალ საკითხზე, მაგრამ ჩვენ ავიღეთ პაუზა. მე ძალიან მინდა მთელმა მსოფლიომ გაიგოს, დღეს არის გაერთიანების დრო. ყველა სხვა დეტალი, პოლიტიკა, შიდა საკითხები, ამას გადავწყვეტთ, მაგრამ გადავწყვეტთ ერთობილივი გამარჯვების შემდეგ“, – ამბობს სტეფანჩუკი.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 8 აპრილს ოფიციალური განცხადებით უპასუხა უკრაინელი კოლეგის მიწვევას ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით. ბუჩა არის რუსული არმიისგან დახსნილი უკრაინული ქალაქი, სადაც რუსი სამხედროების მიერ ასეულობით დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ რადის თავმჯდომარისგან ნამდვილად მიიღო მიწვევა ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა საპასუხო განცხადებაში არ უთქვამს, რომ უკრაინაში ჩასვლას აპირებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი