ახალი ამბები

კობახიძის თქმით, არახამიას გათავისუფლება არ მოუთხოვია და ფეიკი გაუვრცელეს

12 აპრილი, 2022 • 2337
კობახიძის თქმით, არახამიას გათავისუფლება არ მოუთხოვია და ფეიკი გაუვრცელეს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ მას არ მოუთხოვია უკრაინის მმართველი პარტიის, “ხალხის მსახურის” ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას გათავისუფლება.

სწორედ არახამიაა უკრაინასა და რუსეთს შორის ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი.

კობახიძის თქმით, მას “ფეიკი” გაუვრცელეს და გულისხმობდა მხოლოდ ენმ-ის დროინდელი “კრიმინალების” თანამდებობიდან გათავისუფლებას, რომლებიც უკრაინის მთავრობაში არიან.

“აქედანაც ჩანს, როგორი ფეიკები არიან ეს ადამიანები. სამი ადამიანის გათავისუფლებაზე იყო საუბარი იმისთვის, რომ ხელისუფლებებს შორის იყოს სუფთა ურთიერთობები. სამ ადამიანზე იყო საუბარი, ამათ თქვეს მეოთხე არახამია, რაც იყო ტყუილი.

მე ვთქვი, რომ შუამავალია, მაგრამ რაც შეეხება გათავისუფლებას, საუბარი იყო კრიმინალებზე. კრიმინალები ვინ არიან, ვიცით: სააკაშვილი, ადეიშვილი და ლორთქიფანიძე, რომელთაც უმძიმეს დანაშაულებში აქვთ მონაწილეობა მიღებული და ხელმძღვანელები იყვნენ კრიმინალური რეჟიმის”, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ გუშინ, 11 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინაში „ქართული ოცნების“ ვიზიტის ერთ-ერთი წინაპირობა არის უკრაინის ხელისუფლებიდან „ნაციონალური მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირების გათავისუფლება.

„ყველა ამ პრობლემების სათავე, ცრუ ბრალდებების სათავე, ელჩის გაწვევის სათავე და ა.შ. არის ის, რომ დღემდე ადამიანები საქართველოში, რადიკალური ოპოზიციის ლიდერები არიან უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე წარმოდგენილები.

ესენი არიან.. შეგახსენებთ 4 თვალსაჩინო მაგალითს: პირველ რიგში სააკაშვილი, რომელიც არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, ეს არის ადეიშვილი, გენპროკურორის მრჩეველი, ეს არის იგივე ლორთქიფანიძე, რომელიც გახლავთ დაწინაურებული კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე, და არახამია – არის პირი, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს ამ ადამიანებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის მაღალ დონეზე,“ — თქვა კობახიძემ 11 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი