ახალი ამბები

„უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ“ — ზურაბიშვილი EU-ის კითხვარის გადმოცემაზე

11 აპრილი, 2022 •
„უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ“ — ზურაბიშვილი EU-ის კითხვარის გადმოცემაზე

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის გადმოცემას უკრაინის ბრძოლას უნდა ვუმადლოდეთ.

„დღეს არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღე — ევროკავშირიგან მივიღეთ ის კითხვარი, რომელსაც, ალბათ, არ ველოდებოდით რამდენიმე წელი, ისიც კარგად თუ გამოგვივიდოდა. ეს არის არაჩვეულებრივი შანსი, რაც გაუჩნდა ჩვენს ქვეყანას. ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას და ევროკავშირის ხელმძღვანელობას, მაგრამ, ალბათ, კიდევ უფრო უნდა ვუმადლოდეთ უკრაინას და უკრაინის ბრძოლას. რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა, ეს დღე არ დადგებოდა ასე სწრაფად და როდის მოვიდოდა, ამას ვერავინ იტყოდა“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, პროცესი გაეხადა უფრო პოლიტიკური, ვიდრე ბიუროკრატიული, და დაეჩქარებინა ის.

„ჩვენ ყველანი პასუხისმგებელი ვართ შემდგომი თაობის წინაშე. ჩვენ ან შევძლებთ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, ან ვერ შევძლებთ. ამისთვის მობილიზებული უნდა იყოს ყველა ძალები. ეს საკითხი ვერ გადაწყდება რომელიმე ერთი ჯგუფის გადაწყვეტილებებით და ძალისხმევით. თუ რამეს ჰქვია ეროვნული, ეს არის ეროვნული საქმე და ეროვნული ინტერესი. არ წარმომიდგენია, რომ ამ საქმის მიმართ ყველანი არ ვიყოთ გაერთიანებული, მთლიანად საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ყველას მოუწოდა, გაერთიანდნენ ევროინტეგრაციის მიზნის ირგვლივ.

საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მანამდე „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა 2024 წელს, ხოლო კანდიდატის სტატუსს 2030 წლამდე ელოდა. უკრაინას უკვე 8 აპრილს, საქართველოსა და მოლდოვას კი დღეს, 11 აპრილს, გადაეცა ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი. კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარი (Questionnaire) წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ხდება გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. კითხვარზე აპლიკანტი სახელმწიფოსგან მიღებული პასუხების შემდეგ ევროკომისია ამზადებს ანგარიშს და იძლევა რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.

როგორც წესი, კითხვარის შევსების და კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურა წლებით გრძელდება, თუმცა ამჯერად პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს და ქვეყნებს კითხვარის შესავსებად ერთთვიანი ვადა მიეცათ, ევროკომისიის შეფასება კი, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მზად.

კითხვარის გადმოცემას დღეს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც და თქვა, რომ „ყველა სიკეთე და ყველა პროგრესი, რომელიც მიღწეული იქნა ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირთან ურთიერთობაში, არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი მმართველი პარტიის დამსახურება“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი