ახალი ამბები

ევროკომისიამ 21 რუსული ავიაკომპანია შავ სიაში შეიტანა

11 აპრილი, 2022 • 621
ევროკომისიამ 21 რუსული ავიაკომპანია შავ სიაში შეიტანა

ევროკომისიამ შავ სიაში შეიტანა 21 რუსული ავიაკომპანია და, შესაბამისად, მათ ევროპის ტერიტორიაზე ფრენა ეკრძალებათ. ამის მიზეზი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებია.

აკრძალულ ავიაკომპანიებშია უმსხვილესი რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტი“, ასევე, ურალის ავიახაზები, S7 და ა.შ.

რუსული ავიაკომპანიების ავიაპარკში დასავლური წარმოების ასეულობით თვითმფრინავია. აღნიშნული თვითმფრინავების უმეტესობას ევროპული და ამერიკული სალიზინგო კომპანიები ფლობენ. მას შემდეგ, რაც დასავლურმა სახელმწიფოებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს, მფლობელებმა რუსულ ავიაკომპანებს თვითმფრინავების დაბრუნება მოსთხოვეს. იმის გამო, რომ რუსეთი, ფაქტობრივად, თვითმფრინავების გარეშე რჩებოდა, მათ უარი თქვეს ამ მოთხოვნის შესრულებაზე და ეს ავიახომალდები რუსეთში დაარეგისტრირეს, რაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო დარღვევაა. ამ მიზეზით ავიაკომპანიები ვერ მიიღებენ თვითმფრინავის ნაწილებს და სხვადასხვა სახის სერვისს, რაც აუცილებელია თვითმფრინავების უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის.

„რუსეთის ავიატრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ რუსულ ავიაკომპანიებს ნება დართო, დასავლეთის კუთვნილი თვითმფრინავებით ოპერირება გააგრძელონ შესაბამისი ვარგისიანობის სერტიფიკატის გარეშე. რუსულმა ავიაკომპანიებმა მიზანმიმართულად დაარღვიეს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები“ ,— განაცხადა ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარმა ადინა ვალინმა.

ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის დამატებითი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება მიღებულია წმინდად ავიაუსაფრთხოებასთან დაკავშირებული წუხილებიდან გამომდინარე.

„ჩვენ უსაფრთხოებას პოლიტიკაში არ ვურევთ“, — თქვა ევროკომისარმა.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ამ ომს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის, 170-ზე მეტი ბავშვი. თუმცა ეს არ არის ომის მსხვერპლის საბოლოო რიცხვი, რადგან ქვეყნის ზოგ ნაწილში ამ დრომდე გრძელდება ბრძოლები.

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაციაა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი