ახალი ამბები

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს ურჩევს, შეძლებისდაგვარად აირიდონ ნაღდი ფულის გამოყენება

13 მარტი, 2020 • 2142
ეროვნული ბანკი მოქალაქეებს ურჩევს, შეძლებისდაგვარად აირიდონ ნაღდი ფულის გამოყენება

კორონავიურუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას ნაღდი ფულის გამოყენებისას ჰიგიენის რეკომენდირებული ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.

ვინაიდან ნებისმიერ საგანს და მათ შორის, ნაღდ ფულს შეუძლია ბაქტერიისა თუ ვირუსის გადატანა, ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, ნაღდი ფულის გამოყენებისას დაიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჰიგიენის რეკომენდაციები:

  • ბანკნოტებისა და მონეტების გამოყენების შემდეგ, კვების პროდუქტებთან შეხების წინ გულდასმით დაიბანეთ ხელები.
  • ბანკნოტებთან და მონეტებთან კონტაქტის შემდეგ, ხელის დაბანის გარეშე, არ შეეხოთ სახეს (თვალები, ცხვირი, პირი).
  • შესაძლებლობის მიხედვით, გამოიყენეთ უნაღდო ანგარიშსწორება, უკონტაქტო და მობილური გადახდები.
  • შესაძლებლობის მიხედვით, აირჩიეთ დისტანციური საბანკო მომსახურება.
  • კომპანიებმა გაყიდვის წერტილებში პერიოდულად გაუკეთეთ დეზინფექცია პოსტერმინალის ზედაპირს.

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან მიმართებაში ახორციელებს შემდეგი სახის საკარანტინო ზომებს:

  • მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში განთავსდება და შეინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას 14 დღის განმავლობაში და მათი გაცემა მოხდება მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ.
  • საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების პროდუქციის რეალიზაციას მოახდენს მხოლოდ ელექტრონული მაღაზიის საშუალებით – www.moneymuseum.nbg.gov.ge
  • 2020 წლის 13 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, რეგულარულად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები საკასო ცენტრში.
  • დღეიდან 1 აპრილის ჩათვლით, მუშაობას წყვეტს საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ყვარელში.

მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ კორონავირუსის გავრცელებიდან მომდინარე საფრთხის აღმოფხვრას.


13 მარტის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის 130 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 5 ათასამდე გარდაიცვალა, ნახევარზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. ჩინეთში რეგისტრირებულია ვირუსის 81 ათასამდე შემთხვევა, დანარჩენი კი მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი – 15 ათასი შემთხვევა არის დაფიქსირებული იტალიაში, სადაც გარდაცვლილთა რიცხვმა 1 000-ს  გადააჭარბა. საქართველოში რეგისტრირებულია ვირუსის 25 შემთხვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი