ახალი ამბები

უკრაინის მთავრობა გმობს „არჩევნებს“ სამხრეთ ოსეთში

10 აპრილი, 2022 • 2806
უკრაინის მთავრობა გმობს „არჩევნებს“ სამხრეთ ოსეთში

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება დე ფაქტო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში და მკაცრად გმობს მას.

უკრაინის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ „არჩევნები“ მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ლეგიტიმაციას.

„რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო კენჭისყრის ჩატარებამ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შემოჭრის გაგრძელების ფონზე, შეიძლება გამოიწვიოს უსაფრთხოების ვითარების მნიშვნელოვანი გამწვავება შავი ზღვის რეგიონში“, – წერია განცხადებაში.

უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ ის მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს აღებული ვალდებულები და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

განცხადებაში ასევე წერია, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები ხელს შეუწყობს როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

მასალების გადაბეჭდვის წესი