ახალი ამბები

კრამატორსკში რკინიგზის სადგურის დაბომბვისას მსხვერპლი 50-მდე გაიზარდა

8 აპრილი, 2022 • 1332
კრამატორსკში რკინიგზის სადგურის დაბომბვისას მსხვერპლი 50-მდე გაიზარდა

დონეცკის ოლქში, ქალაქ კრამატორსკში რუსეთის ჯარების მიერ რკინიგზის სადგურის დაბომბვისას მსხვერპლის რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს დონეცკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით.

პაველ კირილენკოს თქმით, დაღუპულთა შორის 5 ბავშვია. მისი თქმით, რუსულმა ძალებმა რკინიგზის სადგურზე, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ევაკუაციის მიზნით იმყოფებოდნენ, იერიში „ტოჩკა უ-თი“ მიიტანეს.

უკრაინული მედიის თქმით, დაჭრილია 98 ადამიანი, რომელთა შორის 16 ბავშვი, 46 ქალი და 36 კაცია. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 38 ადამიანი თავდასხმისას ადგილზე დაიღუპა, 12 კი- საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. პაველ კირილენკოს თქმით, მსხვერპლი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, 40 დღეზე მეტია, რუსეთის ძალები ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ჩერნიჰივის და კიევის რეგიონი დატოვეს, უკრაინული მხარე რუსეთის ჯარების გადაჯგუფებას და გაძლიერებულ შეტევად დონბასის რეგიონის მიმართულებით ელოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი