ახალი ამბები

სეს-მა სალმონელას საფრთხის გამო Kinder-ის და სხვა შოკოლადების გამოვლენა-გამოთხოვა დაიწყო

8 აპრილი, 2022 • 773
სეს-მა სალმონელას საფრთხის გამო Kinder-ის და სხვა შოკოლადების გამოვლენა-გამოთხოვა დაიწყო

სურსათის ეროვნულმა სააგენგტომ სალმონელას საფრთხის გამო შოკოლადის საეჭვო პარტიების, მათ შორის Kinder-ის, გამოვლენა-გამოთხოვა დაიწყო.

მათივე განცხადებით, მიმდინარე წლის 7 აპრილს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღო შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ.

„სააგენტომ კონკრეტული პარტიების გამოვლენისა და ამოღების პროცედურები მყისიერად დაიწყო – იმპორტიორ კომპანიებს მიაწოდა ინფორმაცია საეჭვო პარტიების შესახებ და დაავალა შოკოლადის პროდუქტის (ბრენდი: Uovo Maxi, აღწერილობა: KSOR MAXI; K2,5X12 PC CHR RUS 2 დამზადების თარიღი 15.10.2021, ვარგისიანობის ვადა 12.07.2022, პარტიის № L288R03) რეალიზაციიდან ამოღება ან/და ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და გატარებული ქმედებების თაობაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

გარდა ამისა, სააგენტოს ინსპექტორები ჩაატარებენ არაგეგმურ ინსპექტირებასა და ზედამხედველობას აღნიშნული შოკოლადის იმპორტიორ ბიზნესოპერატორებთან.

ევროპის ქვეყნებში- დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში- სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით, 10 წლამდე ბავშვებში, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების Kinder-ის შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტთან. აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა სურსათის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან გამოთხოვა, რეალიზაციის აკრძალვა და მომხმარებელთა ინფორმირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი