ახალი ამბები

სამირა ბაირამოვა პროკურატურამ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართო

6 აპრილი, 2022 • 1419
სამირა ბაირამოვა პროკურატურამ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართო

სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა, რომელიც ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფების მხრიდან მუქარის სამიზნე გახდა, 22 მარტს პროკურატურამ დაზარალებულად ცნო და დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართო.

ამის შესახებ ინფორმაციას საია ავრცელებს, რომელიც სამირა ბაირამოვას უფლებებს იცავს. ბაირამოვას უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საია-მ  მოითხოვა მისი ჩართვა დაცვის სპეციალურ პროგრამაში.

„გამომდინარე იქიდან, რომ იკვეთებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის (დევნა) ნიშნები, საიამ ასევე მოითხოვა გამოძიების ამ მიმართულებითაც წარმართვა. წარდგენილი მოთხოვნები დაკმაყოფილდა. 4 აპრილს საია-ს ეცნობა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის დაიკითხნენ მოწმეები და შესწავლილი იქნება საია-ს მიერ განცხადებაში მითითებული საკითხები.

ასევე, პროკურატურამ სამირა ბაირამოვას მიმართ გამოიყენა დაცვის სპეციალური ღონისძიება და მას ამ ეტაპზე საფრთხე აღარ ემუქრება. თუმცა აღსანიშნავია, რომ დამნაშავე პირების გამოკვეთა და მათთვის ბრალის წარდგენა ამ დრომდე არ მომხდარა“, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

საია მოუწოდებს პროკურატურას, დროულად გამოავლინოს დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი.


მარნეულელმა აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ “ალტ-ინფოს” პარტიის, პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის გახსნა თავდაპირველად 14 მარტს გააპროტესტა და შენობის ფანჯრებზე უკრაინის, ასევე, ევროკავშირის დროშები  დახატა, რის შემდეგაც თქვა, რომ ემუქრებოდნენ.

17 მარტს ბაირამოვამ განაცხადა, რომ „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია მოუწყვეს, კვლავ ემუქრებოდნენ და ორ დღეს აძლევდნენ. აქტივისტის ინფორმაციით, აღნიშნული აქცია მარნეულში, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ ის ამ პარტიის წევრი არ არის.

რამდენიმე დღის შემდეგ, 20 მარტს, ბაირამოვამ თქვა, რომ „ალტ-ინფომ“ მუქარა შეასრულა და მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის გარე ფასადზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარის შემცველი ეპიზოდების გამოძიება სსკ-ის 151-ე(მუქარის) მუხლით აქვს დაწყებული.

ამავე დროს, ცნობილია, რომ პრორუსული პარტიის ოფისის ფანჯრებზე დროშების დახატვის შემდეგ შსს-მ ბაირამოვას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. აქტივისტს ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას ედავებოდნენ. მარნეულის სასამართლომ საქმე განიხილა და სიტყვიერი შენიშვნა მისცა აქტივისტს.

“ალტ-ინფოს” პარტიის ოფისების გახსნა მოქალაქეებმა არაერთ ქალაქში სხვადასხვა ფორმით გააპროტესტეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი “კონსერვატიულ მოძრაობას”საოფისე ფართი დაატოვებინეს. ასე მოხდა მესტიაში, ხულოსა და შუახევში.

მასალების გადაბეჭდვის წესი