ახალი ამბებირეკლამა

თსუ-ს სტუდენტური ცხოვრება – რა გეგმები აქვს უნივერსიტეტს 2022 წელს

4 აპრილი, 2022 • 877
თსუ-ს სტუდენტური ცხოვრება – რა გეგმები აქვს უნივერსიტეტს 2022 წელს

ორგზის საქართველოს ჩემპიონი, ევროპის ვერცხლის პრიზიორი ფუტსალის საფეხბურთო კლუბი „თსუ“, ქორქია-საკანდელიძის თასის 2019 წლის გამარჯვებული კალათბურთის გუნდი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის გამოკვეთილი ლიდერია და 2021-22 წლის სეზონში სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა,  ათეულობით ოქროს მედლის მფლობელი ათლეტები, რომლებმაც არაერთხელ გაიმარჯვეს ევროპის ღია ჩემპიონატზე თუ სხვა საერთაშორისო ტურნირებში, ოქროსა და ვერცხლის მედლის მფლობელები უნივერსიადაზე მშვილდოსნობაში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, რაგბიში.

ასწლოვანი საუნივერსიტეტო თეატრალური დასი „სხვენი“ საუკეთესო დადგმებით, გამორჩეული სტუდენტური კაპელა საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების პრიზებით, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „უნივერსიტეტი“, რომელმაც თავის დროზე „ქართულ ხმებს“ დაუდო სათავე, ქართული ცეკვის ანსამბლები, ალპინისტთა კლუბი და სხვა – ეს ის მოკლე ჩამონათვალია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტული და შემოქმედებითი გუნდების წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც კულტურისა და სპორტის დეპარტამენტმა 2021 წლის ანგარიში და 2022 წლის გეგმები წარმოადგინა.

„სამწლიანი პანდემიის პერიოდში ჩვენი კულტურული და სპორტული ღონისძიებების დიდი ნაწილი გაუქმდა, ნაწილი ვერ განხორციელდა. თუმცა, ყველასთვის ცნობილია რომ  2 მაისიდან უნივერსიტეტში სრულად აღდგება სასწავლო პროცესი და შესაბამისად, სრულად აღდგება სტუდენტური ცხოვრება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის კულტურის და სპორტის მიმართულების გუნდები აქტიურად მონაწილეობენ  საქართველოს ჩემპიონატებსა თუ კულტურის მიმართულებით გარკვეულ ღონისძიებებში“,- განაცხადა თსუ კანცლერმა ლაშა საღინაძემ. მისივე თქმით, ძალიან ბევრი სტუდენტია ჩართული თსუ-ს კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში, რითაც უნივერსიტეტი გამორჩეულია არამარტო საქართველოში, არამედ რეგიონის მასშტაბით.

შეხვედრაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამწვრთნელო საქმიანობისთვის, საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, თსუ-ის საკალათბურთო გუნდის დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ნუგზარ ჭეიშვილი დაჯილდოვდა უნივერსიტეტის ოქროს მედლით.

თსუ კულტურის და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ხარჯავანიძემ მადლობა გადაუხადა სპორტული გუნდების მწვრთნელებს და მოთამაშეებს, შემოქმედებითი ანსამბლების და სტუდენტური დასის ხელმძღვანელებს და სტუდენტებს, რომლებიც პანდემიის მიუხედავად აქტიურად ვარჯიშობდნენ, რეპეტიციებს ატარებდნენ და წარმატებებსაც მიაღწიეს. „ჩვენ როგორც მთლიანი ერთი გუნდი ვიკრიბებით დღეს, რომ ისევ შევხვდეთ და მადლობა გადავუხადოთ ერთმანეთს. ჩვენი სამომავლო გეგმები კი ის არის, რომ მხოლოდ და მხოლოდ განვავითაროთ ჩვენი გუნდები, სტუდენტური თეატრი, ანსამბლები იმისათვის, რომ უნივერსიტეტმა მიიღოს საუკეთესო შედეგები, იყოს პირველი ყველაფერში,“-აღნიშნა ირაკლი ხარჯავანიძემ.

ახალი წარმატებებისთვის ემზადებიან პროფესიონალები, რომლებიც სტუდენტურ გუნდებთან წლებია მუშაობენ. „ამჟამად ყველაზე გადამწყვეტ სტადიაში შევდივართ, ფუტსალის პირველი გუნდითაც და სტუდენტური გუნდითაც, ფლეი ოფები გვეწყება. შესაბამისად, აქტიური მზადება მიდის და კიდევ ერთხელ ვეცდებით, ჩვენი უნივერსიტეტი გავახაროთ, რასაც მივაჩვიეთ ჩვენი მაყურებელი და ჩვენი ერთგული გულშემატკივარი“, – განაცხადა თსუ ფუტსალის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დავით ბობოხიძემ.

თსუ სტუდენტის შალვა ცხადაძის თქმით, კულტურის და სპორტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამომავლო გეგმები ახალ პერსპექტივებს უსახავს ახალგაზრდებს: „ძალიან საჭირო ინფორმაცია მივიღე. ვთვლი, რომ ასეთი სახის ღონისძიებები პირდაპირპროპორციულია ამ სფეროს განვითარებისა და წარმატებისთვის. ვიმედოვნებ, რომ მომავალში ამ ყველაფერს მიეცემა სისტემატიური სახე, რაც შემდგომ აისახება ჩვენს საქმიანობაში.“

მასალების გადაბეჭდვის წესი