ახალი ამბები

ღარიბაშვილის მთავრობაში ვის რა სახელი ერქმევა, მნიშვნელობა არ აქვს — ხიდაშელი სამთავრობო ცვლილებებზე

4 აპრილი, 2022 • 1133
ღარიბაშვილის მთავრობაში ვის რა სახელი ერქმევა, მნიშვნელობა არ აქვს — ხიდაშელი სამთავრობო ცვლილებებზე

„სამოქალაქო ინიციატივის“ თავმჯდომარე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ საქართველოს უკვე თვეზე მეტია, არ ჰყავდა ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამ პოსტზე საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის დანიშვნა გასაკვირი არ არის.

„ცვლილება გარდაუვალი იყო. ვაშინგტონში ელჩი არ გვყავს თითქმის თვეა. ყოფილ ელჩს უფლებამოსილების ვადა გაუვიდა და, როგორც ჩანს, [პრემიერმა] თავისი ყველაზე გამოცდილი ადამიანი გაუშვა იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირს. ეს არ გამკვირვებია და გასაგებია“, — ამბობს ხიდაშელი და დასძენს, რომ დავით ზალკალიანი ამ მთავრობის ფონზეც კი „ხანდახან გამოირჩეოდა იმ ღირებულებების პერიოდულად გამოვლინებებით, რომლითაც ის მოვიდა ქართულ პოლიტიკაში“.

„მაგრამ დღეს აღარ არის ის ვითარება, როდესაც ერთი და ორი ადამიანი შეცვლის რამეს და ამიტომ არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ვინ იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი, ვინაიდან სრულიად კომიკური და, მეორე მხრივ, ტრაგიკული ვითარებაა ხელისუფლებაში.

ეს დესპოტიის მანიაკალური მოთხოვნლება ადამიანების მხრიდან, რომლებსაც თან არანაირი გაქანება, უნარი და პროფესიონალიზმი არ აქვთ, სრულიად კომიკურ სახლობანას თამაშს ემსგავსება, მაგრამ ქვეყნის ინტერესები რომ ზარალდება, ეს არის ტრაგიკული.

მე არ ვიცნობ ილია დარჩიაშვილს და უშუალოდ მასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ თავისთავად, იმ კაცის მთავრობაში, გუშინ რომ გველაპარაკებოდა, ვის რა სახელი დაერქმევა, არა მგონია, რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ თინა ხიდაშელმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ თქვა, რომ ჯერ კიდევ 25 თებერვალს განაცხადა, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ომით, იქნებოდა უკრაინა. სწორედ ამ განცხადებას გამოეხმაურა თინა ხიდაშელი.

ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი დანიშნა, დავით ზალკალიანი კი საქმიანობას შეერთებულ შტატებში, საქართველოს ელჩის პოსტზე გააგრძელებს.

ზალკალიანს ილია დარჩიაშვილი შეცვლის

მასალების გადაბეჭდვის წესი