კოალიცია „მედიის ადვოკატირებითსვის“ მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ტელეკომპანია „იმედის“ წარმომადგენლების მონაწილეობა კომისიაში, რომელმაც უნდა შეარჩიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები.

როგორც კოალიცია აცხადებს, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 209-ე მუხლის თანახმად, საკონკურსო კომისიაში უნდა შედიოდნენ, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

„საკანონმდებლო დონეზე დადგენილი კრიტერიუმის მიუხედავად, პარლამენტმა არასწორად გამოიყენა დისკრეცია და არ გაითვალისწინა კომისიის შემადგენლობაში პლურალიზმის მაღალი საჭიროება“, — აცხადებს კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის.

სპეციალურმა კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 ვაკანტური ადგილის დაკავების მსურველთა კანდიდატები უნდა შეარჩიოს. კომისია პარლამენტმა 30 მარტს დაამტკიცა და მის შემადგენლობაში შედიან:

  • მაკო ჯაოშვილი − მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი;
  • ბაკურ ბაკურაძე − რეჟისორი;
  • მიხეილ ჯავახიშვილი − მუსიკოსი, თბილისის ახალგაზრდული კაპელის ხელმძღვანელი;
  • ეკა მელქაძე − „იმედის“ ჟურნალისტი;
  • ნინო მეუნარგია − ჟურნალისტი, რადიო „იმედის“ წამყვანი;
  • ერმილე მესხია − ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
  • გიორგი იმედაშვილი − საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი;
  • გიორგი დავითური − ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი;
  • მარიამ გოგოსაშვილი − საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.