ახალი ამბები

„ვინარჩუნებთ სიფხიზლეს“ — ზელენსკი მოლაპარაკებების პოზიტიურ სიგნალებს არ ენდობა

30 მარტი, 2022 • 1111
„ვინარჩუნებთ სიფხიზლეს“ — ზელენსკი მოლაპარაკებების პოზიტიურ სიგნალებს არ ენდობა

„ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ “დადებითი” მოლაპარაკებების პლატფორმიდან მიღებულ სიგნალებს, მაგრამ ეს სიგნალები არ აჩუმებს რუსული ჭურვების აფეთქებებს“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ კარდინალურად ამცირებს სამხედრო აქტივობებს კიევის და ჩერნიგოვის ოლქების მიმართულებით. ზელენსკის თქმით, ამ მიმართულებით რუსეთის უკან დახევა უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგობით არის განპირობებული და არა ნებაყოფლობით.

„დარწმუნებული ვარ, დღეს ნახეთ ახალი ამბები იმის შესახებ, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობამ თითქოს გადაწყვიტა „შეემცირებინა საომარი მოქმედებები კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით“. ისე, იგივე შეიძლება ითქვას ჩორნობაივკაზეც — თითქოს რუსულმა ავიაციამ უბრალოდ გადაწყვიტა ნაკლები ფრენა, ხოლო რუსულმა სამხედრო მანქანებმა — ნაკლები მგზავრობა“, — თქვა ზელენსკიმ.

უკრაინული მხარის თანახმად, ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ ხერსონთან ახლოს მდებარე სოფელ ჩორნობაივკაში (ასევე მის აეროპორტში) შეჭრილი რუსული ძალები და სამხედრო ტექნიკა ზედიზედ, სულ მცირე, 12-ჯერ მოიგერიეს და გაანადგურეს.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც კიევს იცავს.

„სწორედ მათი მამაცი და ქმედითი ქმედებები აიძულებს მტერს ამ მიმართულებით უკან დახევას. თუმცა სიფხიზლე არ უნდა დავკარგოთ. გამოწვევების მასშტაბები არ შემცირებულა. რუსეთის არმიას ჯერ კიდევ აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, გააგრძელოს თავდასხმები. მათ ჯერ კიდევ აქვთ უამრავი აღჭურვილობა და ჰყავთ საკმარისი უუფლებო ადამიანები, რომლებიც შეუძლიათ, ომის ქვაბში გააგზავნონ. ამიტომ ვინარჩუნებთ სიფხიზლეს როგორც ჩვენი სახელმწიფოს ჩრდილოეთით, ასევე, უკრაინის ყველა სხვა რეგიონში, სადაც დროებით შევიდნენ რუსული ჯარები და არ ვამცირებთ თავდაცვის ძალებს. სწორედ ამის საფუძველზე განვიხილავ შეტყობინებებს მოლაპარაკების პროცესის შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან სხვადასხვა დონეზე მიმდინარეობს“, — თქვა მან.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინის სახელმწიფოს და ერის გადარჩენის ერთადერთი გარანტია დღეს არიან უკრაინის შეიარაღებული ძალები, დაზვერვა და ის ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს დაცვას შეუერთდნენ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ ყველა რისკს და ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ვენდოთ იმ სახელმწიფოს გარკვეული წარმომადგენლის სიტყვებს, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ჩვენი განადგურებისთვის. უკრაინელები გულუბრყვილო ხალხი არ არიან. უკრაინელებმა უკვე იციან ამ 34-დღიანი შეჭრის და დონბასში ომის ბოლო რვა წლის განმავლობაში, რომ მხოლოდ კონკრეტული შედეგის ნდობა შეიძლება.
რა თქმა უნდა, უკრაინას მოლაპარაკების სურვილი აქვს და გააგრძელებს მოლაპარაკების პროცესს. ჩვენ ველოდებით შედეგის მიღებას. ეს შედეგი უნდა იყოს რეალური უსაფრთხოება. რუსეთის ჯარებმა უნდა დატოვონ ოკუპირებული ტერიტორიები. უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებული უნდა იყოს. არ შეიძლება იყოს კომპრომისი სუვერენიტეტსა და ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე და არცერთი არ იქნება“, — განაცხადა მან.

29 მარტს თურქეთში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა. შეხვედრის შემდეგ რუსულმა მხარემ განაცხადა კიევის და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობების “კარდინალურად შემცირების“ შესახებ. პენტაგონის განცხადებით, რუსული ძალების კიევიდან გამოსვლის მიზეზი გადაჯგუფებაა და არა რეალური უკან დახევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი