ახალი ამბები

უკრაინამ ზაპოროჟიის 2 სოფელი გაათავისუფლა, რუსეთმა სლავუტიჩი დაიკავა | ომის 32-ე დღე

27 მარტი, 2022 • 4537
უკრაინამ ზაპოროჟიის 2 სოფელი გაათავისუფლა, რუსეთმა სლავუტიჩი დაიკავა | ომის 32-ე დღე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსი სამხედროები ცდილობენ გადაეწყონ და დაბლოკონ კიევი სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან.

„არ არის გამორიცხული, რომ ჯარების გადაჯგუფებისა და გაძლიერების შემდეგ, ოკუპანტებმა განაახლონ მოქმედებები კიევის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან ბლოკირების მიზნით“, – აცხადებს უკრაინის გენშტაბი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კამპანიის “პირველი ეტაპის” ამოცანები დიდწილად შესრულებულია და ახლა ის ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონის “გათავისუფლებაზე” ფოკუსირდება.

თუმცა ამერიკული Critical Threats Project-ის თანახმად, რომელიც უკრაინაში ომის ქრონოლოგიას და ანალიზს აწარმოებს, რუსეთის მოქმედებები კიევის ირგვლივ არ აჩვენებს ცვლილებას უმაღლესი სარდლობის პრიორიტეტებში უკრაინის დედაქალაქის ირგვლივ ბრძოლაში და მათ არ დაუწყიათ კიევიდან ან სხვა ადგილებიდან ძალების გადანაწილება დონბასში ბროლებზე კონცენტრირებისთვის.

Critical Threats Project-ის ანალიზის თანახმად, რუსეთის ჯარები სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ორ ნაწილად გაყოფენ ქალაქ მარიუპოლს და საბრძოლო ძალის რაოდენობა და მდგომაროება, რომელიც რუსეთს დარჩება ქალაქის დაცემის შემდეგ/შემთხვევაში, განსაზღვრავს, ექნებათ თუ არა უკრაინის აღმოსავლეთში განახლებული ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების ძალები.

ამავდროულად, უკრაინული ძალები აგრძელებენ შეზღუდული კონტრშეტევების განხორციელებას. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებები —  პოლტავკა და მალინივკი — გაათავისუფლეს. ამასთან, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სატელიტური ქალაქი სლავუტიჩი კიევის ოლქში.

უკრაინის გენშტაბის განახებული ცნობებით, ომის დაწყებიდან რუსეთის ძალების დანაკარმა 16,6 ათასი ადამიანი შეადგინა.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 27 მარტის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ყოვლისმომცველი ომის გამო 139 ბავშვი დაიღუპა, 205 კი დაშავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი