ახალი ამბები

ალყაში მყოფ მარიუპოლში 100 000 ადამიანია ჩარჩენილი – ზელენსკი

23 მარტი, 2022 • 2668
ალყაში მყოფ მარიუპოლში 100 000 ადამიანია ჩარჩენილი – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მარიუპოლში დაახლოებით 100 000 მშვიდობიანი მოსახლეა ჩარჩენილი.

ომის დაწყებამდე ქალაქში 430 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

ქალაქი ამჟამად რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ალყაშია მოქცეული და იბომბება.

„დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 100 000 ადამიანია ქალაქში- არაადამიანურ პირობებში, აბსოლუტურ ბლოკადაში, საჭმლის, წყლისა და მედიკამენტების გარეშე. მუდმივი დაბომბვის ქვეშ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი განცხადებით, მშვიდობიანი მოსახლეობის ქალაქიდან გამოყვანაში ხელს უშლით რუსული მხარე, რომლებიც ქალაქსა და საევაკუაციო მარშრუტებს მუდმივად ბომბავენ.

ქალაქი მარიუპოლი ქვეყნის სამხრეთით, აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.

ის ორივე მხარისათვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

უკრაინელებისთვის ეს ქალაქი არის აზოვის ზღვაზე გასასვლელი და ამჟამად რუსული შეტევის ზურგში მდებარე „ანკლავი“, რომელიც ზღუდავს რუსულ მხარეს შეტევის სხვა მიმართულებებზე განვითარების შესაძლებლობას.

საოკუპაციო ძალებისთვის მარიუპოლის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი აღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რუსეთის ფედერაცია სახმელეთო გზით დაუკავშირდეს ანექსირებულ ყირიმისა და ქერჩის ნახევარკუნძულებს. ასევე, ამ ქალაქის აღების შემთხვევაში, რუსეთს შესაძლებლობა ექნება, შეტევის სხვა მიმართულებით განხორციელებისთვის ძალები გამოათავისუფლოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი