ახალი ამბებიკომენტარი

სანქციების სამხედრო-პოლიტიკური შედეგები პუტინის რუსეთის დასასრულს უკავშირდება

22 მარტი, 2022 • 4276
სანქციების სამხედრო-პოლიტიკური შედეგები პუტინის რუსეთის დასასრულს უკავშირდება

ავტორი: არჩილ იაკობაშვილი, ეკონომიკის პროფესორი

სანქციების მიზანი ყოველთვის არის ხელშეშლა იმ უსამართლო ან დანაშაულებრივი ქმედებებისა, რომელსაც აგრესორი სახელმწიფო სჩადის.

რუსეთ-უკრაინის ომის შემთხვევაში დასავლეთის ფინანსურ-ეკონომიკური სანქციების მიზანია, რომ რუსეთის სახელმწიფომ დიდხანს ვეღარ შეძლოს უკრაინის მიმართ დამპყრობლური ომის დაფინანსება. ე.ი. ევროკომისარი ჯენტილონი ამბობს, რომ სანქციები არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი ომის შესაჩერებლად.

ომის შესაჩერებლად საკმარისი წინაპირობაა აგრესორის სამხედრო ძალით დამარცხება. ომის დამწყებს ომით უნდა უპასუხო, რასაც აკეთებს უკრაინა საკუთარ მიწაზე და რაშიც მას ეხმარება დასავლეთი, ჯერჯერობით მხოლოდ იარაღის მიწოდებით.

ჩემი აზრით, რაც საქართველომ აუცილებლად უნდა გააკეთოს, არის რუსეთისთვის სანქციების დაწესება სამი ძირითადი მიმართულებით :

  1. პიროვნული სანქციები, ე.ი. ოკუპაციის კანონი უნდა გაფართოვდეს საერთაშორისო სანქციებში მოქცეულ ფიზიკურ პირებზე;
  2.  საქართველოს სახელმწიფო ტენდერებში იმ კომპანიების მონაწილეობის აკრძალვა, რომელთა შემოსავლიდან საბოლოოდ გადასახადები მოხვდება რუსეთის ბიუჯეტში;
  3.  ფინანსური აქტივების გაყინვა რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რათა მათ ვერ შეძლონ საქართველოში მიღებული შემოსავლიდან რუსეთის ბიუჯეტში გადასახადების გადახდა და ამით საქართველომ არ მიიღოს მონაწილეობა სისხლისღვრის დაფინანსებაში.

აგრეთვე, რაც არ არის სანქცია, მაგრამ სავიზო რეჟიმის დაწესება რუსეთის მოქალაქეებზე – ე.ი. რუსებს არ აეკრძალოთ საქართველოში შემოსვლა, მაგრამ მათი საქართველოში შემოსვლა და ყოფნა მოექცეს ქართული სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ.

არც სავაჭრო სანქციების დაწესებაა აუცილებელი, მაგრამ თუ რუსეთი დაარღვევს ვტო-ს შეთანხმებას და სანქციებს დააწესებს პროდუქტისა და მომსახურების ექსპორტ-იმპორტზე, საქართველოც უნდა იყოს მზად საპასუხო ნაბიჯებისთვის.

საქართველოს სახელმწიფომ უნდა იზრუნოს აგრეთვე იმ ექსპორტიორებისთვის, ვინც დაკარგეს საექსპორტო ბაზარი უკრაინაში და ხელი შეუწყოს მათი პროდუქციის რეალიზაციას ევროკავშირის (განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპის) და სხვა განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე, რადგან საქართველო არის ევროკავშირის ასოცირებული წევრი.

საქართველოს სახელმწიფომ უნდა განუმარტოს ქართველ ექსპორტიორებს, რომ რუსეთზე დამოკიდებულობა ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ფიქრობს უკრაინიდან რუსეთში ექსპორტის გადატანაზე.

თავად რუსეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, 2022 წელს რუსეთის ეკონომიკას ელოდება 10%-იანი რეცესია. გარდა ამისა, რუსეთის ეკონომიკაში არავითარი ბაზრები არ არსებობს, არამედ დისტრიბუციის და გასაღების კორუმპირებული სისტემაა, რომელიც მკაცრად კონტროლდება ძალოვანი და უშიშროების ხელისუფლებების მიერ.

“სანქციების დაწესებისგან” განსხვავებული ცნებაა “საერთაშორისო სანქციებზე მიერთება,” რაც საქართველომ, მაგალითად, ვითიბი-ბანკის შემთხვევაში შეასრულა ისე, რომ ადგილობრივი კლიენტების სამომხმარებლო უფლებები სრულად იქნა დაცული.

P.S. 28 თებვერვალს ყველას დარჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ე.წ. მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გახმიანებული ფრაზები არც კი იყო ქართული ოცნების შიგნით სრულად შეთანხმებული. შეიძლება ჰქონდათ საკითხზე მსჯელობა, მაგრამ, მაგალითად, ირაკლი კობახიძის პირველი ფრაზები გაცილებით ფრთხილი და თავშეკავებული იყო.

შესაბამისად, საცოდაობაა ირაკლი ღარიბაშვილის ჯახირის ყურება, რომელიც დღემდე სათანადოდ ვერ გარკვეულა სანქციების დეტალებში ხოლო ის გარემოება, რომ ბიძინა ივანიშვილი აზიარებს თავის თანაშემწის გაუაზრებლად წამოსროლილ ფრაზებს, ცხადყოფს იმას, რომ თავად ბიძინა ივანიშვილია რუსეთის არგაღიზიანების (თუ არაღგზნების ) თავიც, ბოლოც და საპატიო “შუაშისტიც.”

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ გამოხატავდეს ნეტგაზეთის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი