რუსულმა საოკუპაციო ძალებმა, 19 მარტის მონაცემებით, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებიდან რუსეთის ფედერაციაში 2 389 ბავშვი უკანონოდ გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტრო აცხადებს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების, იძულებით გადაყვანა აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე გატაცების ნიშნებს შეიცავს. უკრაინის განმარტებით, ეს არის საერთაშორისო სამართლის, კერძოდ კი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა.
“სახლების დანგრევითა და მშობლების მკვლელობით რუსეთის ფედერაცია უკრაინელ ბავშვებს მშობლის მზრუნველობას ართმევს და მათ სიცოცხლეს რუსეთში კიდევ უფრო საფრთხის ქვეშ აყენებს.
ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ რეაგირება მოახდინონ ბავშვების უკანონო გადაყვანაზე და გაზარდოს რუსეთზე ზეწოლა, რათა შეწყდეს ბარბაროსული ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სამინისტრო განმარტავს, რომ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ, დანაშაულის ჩამდენი პირები კი დაისჯებიან.
