ახალი ამბები

აქციები და რეაქციები იმიტირებულ ”ქრონიკაზე”

8 აგვისტო, 2011 • • 1596
აქციები და რეაქციები იმიტირებულ ”ქრონიკაზე”

იმედმა უნდა მოიხადოს ბოდიში, იმედში შესული საჩივრები ინდივიდუალურად უნდა განიხილოს კომპანიის ხელმძღვანელობამ, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ კი მონიტორინგი უნდა გაუწიოს არა მხოლოდ იმედსმ არამედ ყველა ნაციონალურ არხს- ასეთია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სხდომის შედეგადად მიღებული გადაწყვეტილება ტელეკომპანია ”იმედთან” დაკავშირებით, რომლის ეთერშიც გასული იმიტირებული ქრონიკა მესამე დღეა საზოგადოებაში აქციების და მძაფრი რეაქციების მიზეზი გახდა.

”ქრონიკის” იმიტირებული გამოშვება მესამე დღეა საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. არ წყდება აქციები და რეაქციები, რომელიც ”ტელეიმედის” წინააღმდეგ არის მიმართული.

13 მარტის საღამოს, პირველი საპროტესტო აქცია ”იმედის” შენობასთან გაიმართა, სადაც საზოგადოების აღშფოთებული ნაწილი შეიკრიბა, რომელთაც მოგვიანებით პოლიტიკოსებიც შეურთდნენ.

გადაცემაში ”სპეციალური რეპორტაჟი” გავიდა საინფორმაციო გამოშვება ”ქრონიკა”, რომელსაც ლაშა ხარაზიშვილი უძღვებოდა და სადაც გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშე, რომ ეს იყო მოვლენების იმიტაცია, გაშუქდა, გადაცემის ავტორების მიერ მომზადებული სავარაუდო სცენარი მოვლენების განვითარების არჩევნების შემდეგ. ”ქრონიკაში” ნათქვამი იყო, რომ სავარაუდოდ მოხდა საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაცია, რომ რუსული ტანკები საქართველოში შემოვიდნენ და რომ ქართული ჯარის ნაწილი რუსეთის მხარეს გადავიდა. ამასთან ერთად ”ქრონიკის” იმიტირებულ ვერსიაში ჩართული იყო ბარაკ ობამა და დიმიტრი მედვედევი, მათ გამოსვლებს კი ნაცვლად გამაფრთხილებელი ნიშნისა, რომ საზოგადოებას საქმე ჰქონდა მოვლენების იმიტაციასთან, ეწერა ”live”

საპროტესტო აქცია საზოგადოების ნაწილის მონაწილეობით, მეორე დღესაც გაგრძელდა. გარდა ამისა, იმიტირებულ ქრონიკას უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუნდეტები აპროტესტებდნენ. სტუდენტებმა აქციაზე მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 13-ე მუხლის ბეჭდური ვერსია გაავრცელეს.

ეს კი სწორედ ის მუხლია,მაუწყებლობის შესახებ კანონის. რომელიც ტელეკომპანია ”იმედმა” დაარღვია.

სოციალურ ქსელებში, არ შეწყვეტილა დისკუსია ”იმედის ”ირგვლივ, რასაც დაემატა სოციალური ქსელის წევრების მიერ ერთი ფოტოს ქვეშ გაერთიანება, რომელიც ე.წ. პროფილის ფოტოდ იქნა დაფიქსირებული,  სოციალურ ქსელში,facebook.com. ეს ფოტო კი იმედის ლოგოა, რომელსაც წითელი ხაზი აქვს გადასმული.

Image 765
Image 765

ჟურნალისტი და მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე,”ტელეიმედისთვის” ლიცენზიის დროებით შეჩერებას ითხოვს მარეგულირებელი კომისიისგან. ლაშა ტუღუში,ჟურნალისტი, რომელიც გადაცემაში მიწვეული სტუმარი იყო კი იმედოვნებს, რომ ამ გაკვეთილით ”ისინი რამეს ისწავლიან და დასკვნებს გამოიტანენ.”

თუმცა სანამ ტუღუშის იმედები გამართლდებოდეს, ნათია კობერიძის საკითხი, რომელიც გადაცემა ”სპეციალური რეპორტაჟის” წამყვანია, დღეს აქტიურად იდგა ქართულ მედიაში.

ჟურნალისტი ეთიკის ქარტიის წევრია. მედიის ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კობერიძეს ქარტიას დაატოვებინებენ. მიუხედავად ამისა, ეთერ თურაძე, ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე  ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ  ,”საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო არ აპირებს ჟურნალისტ ნათია კობერიძის ქარტიიდან გარიცხვას”. მიზეზად კი გაზეთ “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი  განმარტავს,რომ  საბჭო არ არის სადამსჯელო ორგანიზაცია და საბჭოს  ჟურნალისტების ქარტიიდან გარიცხვის უფლება წესდების მიხედვით არა აქვს.

კინომცოდნე გოგი გვახარია, კი თავის ბლოგში ვერ უვლის რა გვერდს იმედის იმიტირებული ქრონიკის ამბებს, მაინც პოულობს დადებითს მოვლენაში, რომელმაც ორი დღის წინ ქვეყანა ააფორიაქა.

”დადებითი ის იქნება, რომ ხალხი ტელევიზორის გადართვას ისწვლის ინფორმაციის შესამოწმებლად. მეტი ყურადღებით შეხედავს იმას, რასაც ტვ სთავაზობს და ცოტა იუმორსა და ირონიასაც ”მოიშველიებს”… ანდა საერთოდ აღარ ჩართავს ტელევიზორს. მე თუ მკითხავთ, ეს მთავარი მიღწევა იქნება.”

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს მოამზადა საჩივარი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სახელზე, სადაც ისინი ითხოვენ ”იმედის” დაჯარიმებას წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით.

საჩივარს 46 ადამიანმა მოაწერა ხელი, თუმცა საის იურისტის, თამარ კორძაის თქმით, მსურველთა სია გაცილებით მეტია, მათ უბრალოდ ადგილზე მოსვლა და ხელმოწერის დაფიქსირება ვერ მოახერხეს.

გარდა მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური განცხადებებისა, ”იმედის” იმიტირებულ ”ქრონიკას” გადაცემის ეთერში გასვლის დღიდან პოლიტიკოსები ეხმიანებიან.

პირველი, ვინც განცხადება გააკეთა ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერით თბილისის მერი, გიგი უგულავა იყო. მან საზოგადოებას აუხსნა, რომ ”ომი არ დაწყებულა” და შეშფოთება გამოთქვა საზოგადოების აღელვების გამო.

პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე იმავე საღამოს მივიდა ”იმედთან” და საგანგებო განცხადება გააკეთა, სადაც ის საუბრობდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ”შეშფოთებული და აღშფოთებულია”.

სარჩელის შეტანის შესახებ იმედის წინააღმდეგ გადაწყვეტილება იმავე დღეს მიიღო ნინო ბურჯანაძემ ”მე ვაპირებ, რომ სარჩელი შევიტანო ჩვენი პარტიის სახელით, არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით იქ ნახსენები, არამედ იმიტომ, რომ თავიდან ბოლომდე ეს იყო კრიმინალური სიუჟეტი,` – განაცხადა `დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს` ლიდერმა.

გარდა პოლიტიკოსებისა საჩივარი იმედის წინააღმდეგ შეაქვს საის. იმ ადამიანების სახელით, რომლებმაც მორალური თუ ფიზიკური დაზიანებები მიიღეს 13 მარტის გადაცემის ეთერში გასვლისას. ასეთი კი ჯერ-ჯერობით 6-ა.

ინვესტორების დაფრთხობად და ქართული ჯარის შეურაცხყოფად შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა.

”მინდა, კატეგორიულად აღვნიშნო, რომ ამის გაკეთება იმ ფორმით და შინაარსით, როგორც იყო გაკეთებული, კატეგორიულად მიუღებელია. ამის გაკეთება იმ ფორმით და შინაარსით, რომ დაზაფრო და შოკში ჩააგდო საზოგადოება; დააფრთხო ინვესტორები, შეურაცხყოფა მიაყენო ქართულ ჯარს და არმიას, მიუღებელია”, –განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა კი თავის გამოსვლაში თქვა, რომ სცენარი, რომელიც ასახული იყო იმიტირებულ ქრონიკაში, ახლოს არის რეალობასთან.

 “ბევრი ადამიანი ნერვიულობს. ჩემი პრესსპიკერი გავგზავნე პირდაპირ ეთერში და გამოვხატე ჩემი პოზიცია. რა თქმა უნდა, გუშინდელი ფილმი არასასიამოვნო იყო. ქრონიკის” გუშინდელი მოდელირებული გამოშვება მოვლენების შესაძლო განვითარებასთან მაქსიმალურად ახლოს იყო. ეს მართლაც ძალიან არასასიამოვნო ფილმი იყო, მაგრამ მთავარი უსიამოვნება არის ის, რომ ეს რეპორტაჟი მაქსიმალურად ახლოს იყო იმასთან, თუ რა შეიძლება მოხდეს, ან რაც საქართველოს მტერს აქვს.”

ტელეეთერით გასულ მოვლენათა იმიტაციის შესახებ, ქადაგებისას, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეც გამოეხმაურა.

”ადამიანი ხომ არ არის გამოცდის კურდღელი, ან საგამოცდო თაგვები, ადამიანი არის ხატება  ღვთისა და აი ამიტომ ჩვენ ვგმობთ ასეთ გადაცემებს.”

13 მარტის საღამოს, ისევე როგორც მომდევნო დღეს, ტელეკომპანია იმედი საჯარო ბოდიშს ავრცელებდა. როგორც მორბენალი სტრიქონის სახით, ასევე  სიტყვიერად, საინფორმაციო გამოშვებებში.

ტელეკომპანიის ხელმძღვანელის საჯარო განცხადება კი, კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი არველაძის მიერ ”აღებული პასუხისმგებლობა” მომხდარზე არ დაემთხვა საზოგადოების ნაწილის სურვილს.

მან განაცხადა, რომ არ აპირებს არხის დატოვებას და  არ განიხილავს საკადრო ცვლილებებს არხზე.

“ჩვენი მიზანი არ ყოფილა ხალხის დაპანიკება, არამედ გვსურდა მათთვის რუსეთში მომზადებული სცენარი გაგვეცნო”, – განმარტა არველაძემ.

გარდა ჟურნალისტების და საზოგადოებისა, 13 მარტის გადაცემას გამოეხმაურა როგორც უცხოური პრესა, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საქართველოში.

შეშფოთება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით ამერიკის ელჩმა საქართველოში. ჯონ ბასმა

“იმედის” ეთერში გასულ “მოდელირებულ ქრონიკას” შემაშფოთებელი უწოდა.

CNN წერს, რომ ქართულმა ტელეკომპანიამ პანიკას დაუდო სათავე, როდესაც რუსეთის ყალბი შემოჭრის შესახებ ნახევარსაათიანი გადაცემა გააკეთა.

BBC თავის სტატიაში წერს, რომ  საქართველოში პანიკა ატყდა, როდესაც იმედმა~ გადასცა ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ რუსული ტანკები დედაქალაქში შემოიჭრნენ, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტი მკვდარია.

 “ტელეკომპანია “იმედის” რეპორტაჟი, რომელმაც 2008 წლის რუსულ-ქართული ომის მოგონებები გააღვიძა, გათამაშებული იყო, მაგრამ  ზარებით გადატვირთული მობილური სატელეფონო ქსელები დაზიანდა და ბევრი ადამიანი ქუჩაშიც კი გამოვარდა”.

 “ბევრი იმ ადამიანისთვის, რომელმაც შაბათს საღამოს სახელისუფლებო არხის “იმედის“ ეთერში 20 წუთიან რეპორტაჟს უყურა, 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ხუთდღიანი ომის პერიოდში დაბრუნების მცდელობა იყო. “იმედს“, რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილის ახლო მოკავშირე მართავს, არ დაუმალავს, რომ რეპორტაჟი იმ შეხვედრებზე პასუხი იყო, რომლებიც ორმა ოპოზიციურმა ლიდერმა მოსკოვში რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ვლადიმერ პუტინთან გასული წლის ბოლოს და მიმდინარე თვეში გამართეს”, – წერს “როიტერი”.

ბადრი პატარკაციშვილი ოჯახი, საგანგებო განცხადებით გამოეხმაურო იმიტირებულ ”ქრონიკას”. განცხადებაში ნათქვამია, რომ ” ხელისუფლების ხელში არხი პირდაპირი პროპაგანდისა და დაშინების ინსტრუმენტად გადაიქცა.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს ”იმედში” მხოლოდ ერთის შესახებ გახდა ცნობილი. გადაცემა ”ჟურნალისტის დღიურის” ჟურნალისტმა, იასე ცინცაძემ არხი დატოვა. ჯერ-ჯერობით ის ერთადერთი ჟურნალისტია, რომელმაც ასეთი რეაგირებით უპასუხა ”იმედის”ეთერში გასულ გადაცემას.

 თავად იმედი კი, დღეს იუბილარია. მას შემდეგ რაც ბადრი პატარკაციშვილმა ტელეკომპანია დაარსა 7 წელი გავიდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი