ახალი ამბები

დღეიდან შესაძლოა რუსეთში Youtube დაბლოკონ – РИА

18 მარტი, 2022 • 2032
დღეიდან შესაძლოა რუსეთში  Youtube დაბლოკონ – РИА

რუსული სამთავრობო გამოცემა РИА Новости საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ შესაძლოა, რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ იუტუბი დაბლოკოს.

РИА Новости-ის თანახმად, მათი წყარო, რომელიც „როსკომნადზორთან“, რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ უწყებასთან არის დაახლოებული, აცხადებს, რომ იუტუბი შესაძლოა დღესვე, 18 მარტსვე დაბლოკონ.

ჯერჯერობით რუსეთის მთავრობაში ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.


„როსკომნადზორმა“ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ოფიციალურად დაბლოკა კორპორაცია „მეტას“ პროდუქტები, ფეისბუკი და ინსტაგრამი.

ამის მიზეზად რეგულატორმა რუსული მედიასაშუალებების „დისკრიმინაცია“ დაასახელა. რუსეთში ასევე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე „მეტას“ წინააღმდეგ და პროკურატურა კორპორაციისთვის „ექსტრემისტული ორგანიზაციის“ სტატუსის მინიჭებას ითხოვს სასამართლოსგან.

ამას წინ უძღოდა „მეტას“ გადაწვეტილება, რომლითაც კომპანიამ რუსულ სამთავრობო მედიებს, „სპუტნიკსა“ და RT-ს (ყოფილ Russia Today-ს), ევროკავშირის ტერიტორიაზე აუდიტორიაზე წვდომა აუკრძალა.

რუსული სამთავრობო და პროსამთავრობო მედიასაშუალებები რუსეთის მთავრობის პროპაგანდისტულ გზავნილებს კრიტიკის გარეშე ავრცელებენ უკრაინასთან დაკავშირებით.

ამასთან, ისინი არ ახსენებენ სიტყვა „ომს“ და უკრაინაში შეჭრას მოიხსენიებენ, როგორც „სპეცოპერაციას“.

ამ ტრენდს მხოლოდ რამდენიმე რუსული გამოცემა/მედია არ მისდევდა, რის გამოც ისინი დააჯარიმეს.

26 თებერვალს კი ფეისბუკმა რუსულ სამთავრობო მედიასაშუალებებს საკუთარ პლატფორმებზე რეკლამების განთავსება აუკრძალა [ტვიტერმა მსგავსი გადაწყვეტილება 2017 წელს მიიღო].

„ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერაციული სამსახურის“, Роскомнадзор-ის ცნობით, 25 თებერვლიდან რუსეთში ფეისბუკზე წვდომა შეიზღუდა, საბოლოოდ კი 5 მარტიდან დაიბლოკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი