ახალი ამბები

“ალტ-ინფოს” პარტიის წარმომადგენლის წინააღმდეგ ოზურგეთში პროკურატურას მიმართეს

18 მარტი, 2022 • 2178
“ალტ-ინფოს” პარტიის წარმომადგენლის წინააღმდეგ ოზურგეთში პროკურატურას მიმართეს

ოზურგეთში “ალტ-ინფოს” პრორუსული პარტიის წარმომადგენლის, მამუკა ანდღულაძის წინააღმდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ რაიონულ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ  მიმდინარე წლის 14 მარტს მამუკა ანდღულაძემ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე მუქარის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა.

მიუხედავად იმისა, რომ პოსტში ანდღულაძეს არ დაუსახელებია მუქარის ადრესატები, ეს პოსტი სწორედ იმ დღეს გამოქვეყნდა, როდესაც “ალტ-ინფოს” პრორუსული პარტიის ოფისის გახსნის წინააღმდეგ აქცია იყო დაგეგმილი.

“[14 მარტს] აქციის დაანონსების შემდეგ ე. წ. კონსერვატიული მოძრაობის ადგილობრივი წევრის/ლიდერის, მამუკა ანდღულაძის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა ფოტო, რომელზეც ასახული იყო ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, წარწერით „სამკურნალოს ვუმკურნალებთ“. ამავე დღეს (2022 წლის 14 მარტს) მას გაზიარებული აქვს თავისივე პარტიელის, ოთარ დანელიას სიტყვები, სადაც ამბობს, რომ “არც ქალებს დაინდობენ”.

სქრინები მოგვაწოდა ნინო ურუშაძემ

“მას შემდეგ, რაც მამუკა ანდღულაძის ამ პოსტებს მოჰყვა გამოხმაურება, ანდღულაძემ აღნიშნული ინფორმაცია და ფოტო წაშალა.

აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ძალიან მნიშნელოვანია, რომ სამართალდამცავი უწყებები დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რათა მომავალში ასეთი ძალადობრივი მოწოდება და მუქარა არ იყოს წახალისებული. დაუშვებელია, სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი ტიპის მუქარა პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან რჩებოდეს რეაგირების გარეშე”, – ნათქვამია განცახებაში.

განცხადების ერთ-ერთი ავტორი, სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ურუშაძე “ნეტგაზეთთან” აცხადებს, რომ ის და მისი თანამოაზრეები აღნიშნულ მუქარას სერიოზულად აღიქვამენ, რადგან, ზოგადად, “ალტ-ინფოს” მხარდამჭერების მხრიდან არაერთი ძალადობის ფაქტი არსებობს, მათ შორის, 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენები.

ურუშაძის თქმით, პირადად მას არ მიუღია მამუკა ანდღულაძის მხრიდან მუქარის წერილები, თუმცა მის თანამოაზრეებს რამდენჯერმე მისწერეს შეურაცხმყოფელი წერილები, რომელიც ფიზიკური ძალადობის მუქარას არ შეიცავდა.

ამასთან, ურუშაძე განმარტავს, რომ პროკურატურას პირველად დღეს, 18 მარტს მიმართეს მამუკა ანდღულაძისა და “ალტ-ინფოს” წინააღმდეგ.

ოზურგეთში “ალტ-ინფოს” პრორუსული პარტიის ოფისის გახსნის წინააღმდეგ აქცია 14 მარტს ჩატარდა. ნინო ურუშაძის თქმით, ქალაქში გამართულ სხვა აქციებთან შედარებით აღნიშნულ პროტესტს ბევრი ადამიანი შეუერთდა.

ურუშაძის თქმით, ფართში, სადაც პარტიის ოფისი უნდა გახსნილიყო, ამ დრომდე არავინ შესულა.

გარეკანის ფოტო: პლაკატები ფართზე, რომელიც “ალტ-ინფოსთვის” უნდა მიექირავებინათ. ფოტო მოგვაწოდა ნინო ურუშაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი