ახალი ამბები

ტელეკომპანია „დოჟდის“ 10-ზე მეტი ჟურნალისტი შემოვუშვით — გომელაური

17 მარტი, 2022 • 834
ტელეკომპანია „დოჟდის“ 10-ზე მეტი ჟურნალისტი შემოვუშვით — გომელაური

დღეს, 17 მარტს, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური კიდევ ერთხელ  გამოეხმაურა „დოჟდის“ ჟურნალისტის, მიხაილ ფიშმანის საქართველოში არშემოშვებას და თქვა, რომ ამავე ტელევიზიის 10-ზე მეტი სხვა ჟურნალისტი ქვეყანაში შემოუშვეს.

გომელაური უარყოფს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს რაიმე სახის პოლიტიკური ან სხვა ტიპის საბაბით.

„როდესაც იგივე ტელევიზიის რამდენიმე ჟურნალისტი იყო შემოსული, ის [ფიშმანი] იყო მე-19, მე-10 თუ მე-13. ეს ადამიანი რა პრინციპით იყო… ეს იყო ვარსკვლავი „დოჟდის“ტელევიზიაში და ეს პრინციპულად არ შემოვუშვით და სიტყვაზე, 14 კაცი შემოვუშვით?! ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს? მაშინ არავის შემოვუშვებდით.

თითქოს „დოჟდის“ ჟურნალისტებზე იყო რაღაც აქცენტი ან დავალება, ეს ლოგიკაშიც არ ჩანს და პრინციპულად ვერ დაგეთანხმებით“, — განმარტავს გომელაური.

მისივე თქმით, ხშირად, სხვა ქვეყნებიდან, მაგალითად, გერმანიიდანაც არ შემოუშვიათ მოქალაქეები:

„იყო შემთხვევები, მოსულა ელჩი ნაწყენი და უთქვამს, რატომ არ შემოუშვით. აი, ამიტომ არ შემოვუშვით. კარგი, ბოდიში“.

ის ასევე დასძენს, რომ მესაზღვრე გაიდლაინებისა და წესების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას.


ტელეკომპანია „დოჟდი“ იძულებული გახდა, 4 მარტს მაუწყებლობა შეეწყვიტა მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო დრაკონული კანონი. კერძოდ, მედიასაშუალებებს აეკრძალათ უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე კრემლისგან განსხვავებული ვერსიის გავრცელება, ასევე, ომისთვის ომის დარქმევა. ვინც ამ კანონს არ დაემორჩილება, 15 წლით პატიმრობა ემუქრება.

ამის ფონზე 6 მარტს საქართველოში ოპოზიციური რუსული ტელეარხ „დოჟდის“ ჟურნალისტი, მიხაილ ფიშმანი არ შემოუშვეს.

„დოჟდის“ წამყვანი ფიშმანი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი