ახალი ამბები

“ბევრი სხვაც არ შემოვუშვით, 100-ზე მეტი ადამიანი” – გომელაური „დოჟდის“ ჟურნალისტზე

9 მარტი, 2022 •
“ბევრი სხვაც არ შემოვუშვით, 100-ზე მეტი ადამიანი” – გომელაური „დოჟდის“ ჟურნალისტზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ამბობს, რომ ზუსტად არ იცის, თუ რატომ არ შემოუშვეს „დოჟდის“ ჟურნალისტი, მიხაილ ფიშმანი საქართველოში.

თუმცა დასძენს, რომ მიზეზი იქნებოდა „ჩვეულებრივი გაწერილი წესის“ დარღვევა.

გომელაურმა დღეს ჟურნალისტებთან თქვა, რომ კომენტარს არ გააკეთებდა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე. მისი თქმით, დღეს საზღვარი – „უფრო გამკაცრებული გვაქვს“.

„ბევრი ადამიანი არ შემოვუშვით, 100-ზე მეტი. ერთ-ერთი, ალბათ, ეგეც [ფიშმანი] მოყვა, არ ვიცი. ეს არის ჩვეულებრივი გაწერილი წესი, მესაზღვრე თვითონ წყვეტს, ვინ შემოუშვას და ვინ არა. არც მინისტრი, არც მისი კურატორი არ წყვეტს ამას და ა.შ. არის მესაზღვრე, რომელიც იღებს ამ გადაწყვეტილებას“, – ამბობს ის.

დამატებით კითხვაზე გომელაური ისევ ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი პროცედურული საკითხია და იმ 100-ზე მეტ ადამიანში, ვინც საქართველოში არ შემოუშვეს, არის ასევე რუსეთის, ბელარუსის, უკრაინის და სხვა, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები.

“ჩვეულებრივად, სტანდარტულად ხდება ადამიანის არშემოშვება. არსებობს კრიტერიუმები, ვისთან რჩება, ვისთან მიდის, აღებული უკან ბილეთი და ა.შ. ბევრი რამეა ჩამოწერილი, რაღაც ვერ დაკმაყოფილდა. ბევრია ხოლმე აგრესია, არის ხშირად შემთხვევა მოქალაქეებისაც, რომლებიც აგრესიით მოდიან და აგრესიას გამოხატავს…“ ,- აცხადებს გომელაური.


ტელეკომპანია „დოჟდი“ იძულებული გახდა, 4 მარტს მაუწყებლობა შეეწყვიტა მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო დრაკონული კანონი. კერძოდ, მედიასაშუალებებს აეკრძალათ უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე კრემლისგან განსხვავებული ვერსიის გავრცელება, ასევე, ომისთვის ომის დარქმევა. ვინც ამ კანონს არ დაემორჩილება, 15 წლით პატიმრობა ემუქრება.

ამის ფონზე 6 მარტს საქართველოში ოპოზიციური რუსული ტელეარხ „დოჟდის“ ჟურნალისტი, მიხაილ ფიშმანი არ შემოუშვეს.

„დოჟდის“ წამყვანი ფიშმანი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი