ახალი ამბები

სამინისტრო: საქართველო არ განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას

17 მარტი, 2022 • 904
სამინისტრო: საქართველო არ განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, საქართველო არასდროს განიხილავდა და არ განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.

უწყებაში აცხადებენ, რომ გზის მშენებლობის საკითხი არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში და, შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით არის მცდარი:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის უშიშროების საბჭოზე განხილულ საქართველო-ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხზე და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და არც განიხილავს საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი რაიმე გზის მშენებლობას“, – აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

15 მარტს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში საგანგებო ვიზიტით ჩავიდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი. ჩრდილო-კავკასიის ფედერალური ოლქისა და რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირების გაფართოებულ შეხვედრაზე ამ გზის საჭიროების შესახებ ისაუბრეს.

კერძოდ, ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურმა, მუსლიმ ხუჩიევმა განაცხადა, რომ „ჩეჩნეთის რესპუბლიკა უკვე მრავალი წელია, აქტიურად მუშაობს საკუთარი ტერიტორიიდან საქართველოს რესპუბლიკასთან სასაზღვრო გადასასვლელის ორგანიზებისთვის“ და ამ გზას „ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთის ფედერაციისთვის“.

ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი ოფიციალური გზა სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე გადის, რომელსაც საქართველოს სამხედრო გზას უწოდებენ ხოლმე.

მასალების გადაბეჭდვის წესი