ახალი ამბები

მუნიციპალური განვითარების ფონდის 214 პროექტიდან 161 პრობლემური იყო – სოხაძე

29 ოქტომბერი, 2025 •
მუნიციპალური განვითარების ფონდის  214 პროექტიდან 161 პრობლემური იყო – სოხაძე

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემური იყო, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მლრდ ლარს აღემატება.

ამის შესახებ მან პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

„მუნიციპალური განვითარების ფონდში შესწავლის შედეგად, სამწუხაროდ, გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები. პროექტების დაგეგმვისა და ზედამხედველობის სუსტი სისტემა, რაც მრავალი დაგვიანებული, ან სრულად შეჩერებული პროექტის მიზეზად იქცა. კერძოდ, მაგალითად, 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემური იყო. პრობლემური პროექტების ჯამური ღირებულება 1 მლრდ ლარს აღემატებოდა. პრობლემებში ვგულისხმობ როგორც შესრულების დაბალ ტემპს, ზოგ შემთხვევაში შეჩერებულ პროექტებს, ვადაგადაცილებულ პროექტებს, არაერთგზის ხარისხის პრობლემას და ა.შ.“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

რევაზ სოხაძის თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდი დიდი მოცულობით ავანსებს გასცემდა, ხშირ შემთხვევაში მკაფიო გარანტიების გარეშე. მან მაგალითად მოიყვანა ქალაქებისა და კურორტების განვითარების 330- მილიონიან პროგრამა, სადაც 175 მილიონი ლარის ავანსი იყო გაცემული.

მისი თქმით, პრობლემებია გამოიკვეთა საავტომობილო გზების დეპარტამენტში, რომელიც 4 მლრ 200 მლნ-ის პროექტებს მართავს. სოხაძის თქმით, საუბარია სამუშაოების ვადაგადაცილებასა და შესრულების დაბალ ტემპზე.

„135 საბიუჯეტო პროექტიდან 122 არის ერთხელ ან მეტჯერ ვადაგადაცილებული“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.


27 ოქტომბერს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, დავით ტაბიძე დააკავეს.

აღნიშნულ საქმეზე ასევე დაკავებულები იყვნენ ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან ასევე შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით,  ისინი ფლობდნენ ინფორმაციას, რომ შპს „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი.

საგამოძიებო სამსახური განცხადებით, ამ პირებმა სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი