ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, კობა გაბუნიას ადვოკატის, გოჩა კვირიკაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გაოგნებულია მის მიმართ წაყენებული ბრალდებებით.
„თვითონ გაოგნებულია. როგორც მეუბნება, რაზეც მედავებიან, არ შედიოდა ჩემს პასუხისმგებლობაშიო. ერთი ადამიანის გათქმის გამო, ხომ არ შეიძლება პასუხისმგებლობაში მისცე ადამიანი, თუ არ გაქვს სხვა მტკიცებულებები”, – განაცხადა გოჩა კვირიკაშვილმა “ტვ პირველთან” საუბრისას.
ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალებს ჯერჯერობით არ გაცნობია და არ იცის, ვინ მისცა კობა გაბუნიას წინააღმდეგ ჩვენება.
კვირიკაშვილის ცნობით, კობა გაბუნია ქუთაისში დააკავეს.
როგორც ადვოკატი ამბობს, კობა გაბუნიას გამოძიებისთვის ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია.
ამასთან, ადვოკატის თქმით, კობა გაბუნია სახლის ჩხრეკისას მხოლოდ ტელეფონები ამოიღეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს.
გამოძიების ფარგლებში პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა ჩატარდა დაკავებულ კობა გაბუნიას, რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის და სხვა პირების სახლებში – 20 სხვადასხვა ობიექტზე.
მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 მილიონ 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 მილიონ 211 ათასი ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულნი არიან შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები.
ავტორი: ნინა სიგუა








