ახალი ამბები

დეგნანი: საქართველოსგან არავინ ითხოვს ინდივიდუალურ სანქციებს, მოველით საერთაშორისოსთან თანხვედრას

17 მარტი, 2022 •
დეგნანი: საქართველოსგან არავინ ითხოვს ინდივიდუალურ სანქციებს, მოველით საერთაშორისოსთან თანხვედრას

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოსგან არავინ ითხოვს რუსეთისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას, თუ ეს ქვეყნის მთავრობას არ სურს, მაგრამ მისგან მოელიან, თანხვედრაში იყოს საერთაშორისო სანქციებთან.

დეგნანი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით საქართველო  წლების განმავლობაში კარგი პარტნიორი იყო და აცხადებს, რომ ქვეყნები, რომლებიც შეეცდებიან საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლას, შედეგებს მოიმკიან:

„ნათლად ვიტყვი, არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, შეიმუშაოს ორმხრივი სანქციები, თუ არ უნდათ ამის გაკეთება. ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია.

თუმცა, რასაც მოველით ყველა ქვეყნისგან, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დგას, საერთაშორისო სანქციებთან თანხვედრაში ყოფნაა. საქართველო ყოველთვის კარგი პარტნიორი იყო ამ მიმართულებით, იქნებოდა ეს ირანის თუ სხვა ქვეყნის, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს, აშშ-ის და მსგავსი ქვეყნების ინტერესების საწინააღმდეგოდ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია განვასხვაოთ, რის შესახებ ვსაუბრობთ.

საქართველო თანხვედრაშია საერთაშორისო სანქციებთან. ბევრი სანქცია პირდაპირ არ ეხება საქართველოს. ამასთან, არის შედეგები ყველა ქვეყნისთვის, რომელიც არ არის თანხვედრაში საერთაშორისო სანქციებთან, ეს ყველამ ვიცით. ვფიქრობ, მთავარია, რომ ყველა ერთიან მესიჯს ვაგზავნით“, – აცხადებს კელი დეგნანი.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების გამო დასავლურმა სახელმწიფოებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ სანქციებს არ შეუერთდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი