ახალი ამბები

სანქციებს არ შევუერთდებით და ამ პოზიციას ვერავინ შეგვაცვლევინებს – კობახიძე

16 მარტი, 2022 • 2552
სანქციებს არ შევუერთდებით და ამ პოზიციას ვერავინ შეგვაცვლევინებს – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება და ხელისუფლებას ამ პოზიციას ვერავინ შეაცვლევინებს. ამის შესახებ მან დღეს, 16 მარტს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა სანქციების მიმართულებით „ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციულ კამპანიაში მათი უცხოელი ლობისტებიც აქტიურად ჩაერთვნენ“.

კობახიძის თქმით, ენმ-ის მიზანია, ხელისუფლებამ მიიღოს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხისთვის „უკიდურესად საზიანო გადაწყვეტილებები“, დააწესოს ეკონომიკური სანქციები და ქვეყანა ომში ჩართოს.

„ამასთან დაკავშირებით გვინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის შედეგად რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, დაიღუპა ასეულობით სამხედრო და სამოქალაქო პირი, დევნილად იქცა ჩვენი ქვეყნის 30 ათასი მოქალაქე, რუსეთმა დაბომბა ქართული ქალაქები, სრულად გაანადგურა ასეულობით ქართული სოფელი, ქართული ეკლესიები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლები.

ამ ყველაფრის მიუხედავად, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია არც საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებამ, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, 2010 წელს ნაწილობრივ, ხოლო 2012 წელს სრულად შემოიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. 2012 წლის შემდეგ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რუსეთთან გაფართოვდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. წინა თუ მოქმედი ხელისუფლების არცერთ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არავის, ვიმეორებთ – არავის, არავითარი კრიტიკული შენიშვნა არ გამოუთქვამს.

ყველასთვის ცხადი იყო, რომ ხელისუფლების ნაბიჯები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის, მათ შორის რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ასი ათასობით ჩვენი მოქალაქის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, უკრაინის მიმართ სოლიდარობის ფონზე, გაუგებარია, როგორ შეიძლება მოსთხოვონ სანქციების დაწესება უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიის გამო, როდესაც ეს საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის ოკუპაციის შემდეგაც კი არ გაუკეთებია.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ომის პარტიას“ ნაციონალური მოძრაობის სახით, თუ სანქციების დაწესებას ემხრობიან, კეთილი ინებონ და ფარული აგიტაციის, პროვოკაციების მოწყობისა და უცხოელი ლობისტების დაქირავების ნაცვლად, ღიად ისაუბრონ ამაზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეკონომიკური სანქციების დაწესებით საქართველოს ხელისუფლება ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთს, საკუთარ ქვეყანასა და მოსახლეობას კი უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენებს.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენი პოზიცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არის უცვლელი და ამ პოზიციას ვერავითარი პროვოკაციების, ფარული კამპანიების თუ უცხოელი ლობისტების მეშვეობით ვერავინ შეგვაცვლევინებს. ვიმეორებთ, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს“, – განაცხადა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი