ახალი ამბები

იგეგმება პროვოკაცია, რომ რუსეთმა ნეიტრალიტეტი მოგვთხოვოს – სააკაშვილი

17 მარტი, 2022 •
იგეგმება პროვოკაცია, რომ რუსეთმა ნეიტრალიტეტი მოგვთხოვოს – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური სამსახურებიდან, “მათ შორის სერიოზული ქვეყნის სპეცსამსახურიდან”, მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამზადებს პროვოკაციას, რათა საქართველოს მთავრობას ნეიტრალიტეტის გამოცხადება მოსთხოვოს. ამის შესახებ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა:

“საუბარია გეგმაზე, რომლის თანახმადაც იგეგმება პროვოკაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან, რის შემდეგაც ეს პროვოკაცია დაბრალდება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებს, ამის შემდეგ რუსეთის მთავრობა საქართველოს მთავრობას მოსთხოვს დაუყოვნებლივ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და საქართველოს მთავრობა მზად იქნება გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და ამავე დროს გაანეიტრალოს ოპოზიციის საქმიანობა. ეს იგეგმება.

თქვენ იცით, რომ უკრაინასაც ელაპარაკებიან ნეიტრალიტეტზე, თუმცა უკრაინის ნეიტრალიტეტი სულ სხვა რაღაცაა. ეს არის კარგად შეიარაღებული უკრაინა, ამერიკიდან უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენთვის ნეიტრალიტეტი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმება”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ამ პროვოკაციას საქართველო არ უნდა წამოეგოს და არ უნდა გაკეთდეს არცერთი მოწოდება “იმ მიმართულებით, რომ ჩვენ სადღაც უნდა წავიდეთ და რაღაც უნდა ავიღოთ”.

ამასთან, სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინასთან ომში რუსეთი “კატასტროფულად მარცხდება”, რუსეთს კი უნდა, “სადღაც გადართოს ყურადღება”, რისთვისაც ყველაზე “სუსტი რგოლი” საქართველოა.

სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვილისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მთავრობას უკრაინაში ჩასვლისკენ მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი