ახალი ამბები

უკრაინაში რუსეთის საომარ მოქმედებებს ათასობით ადამიანი ეწირება – ილია II

16 მარტი, 2022 • 2810
უკრაინაში რუსეთის საომარ მოქმედებებს ათასობით ადამიანი ეწირება – ილია II

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარ მოქმედებებს ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

ამის გამო ილია მეორე მრევლს ხვალ, 17 მარტს, მშვიდობისთვის ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდებს.

ილია მეორის მიმართვაას საპატრიარქოს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„სამწუხაროდ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებები გრძელდება, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. მინდა მოვუწოდო ჩვენს მრევლს (როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მყოფთ) მშვიდობისათვის ერთობლივი ლოცვისთვის. ხვალ, ხუთშაბათს, თბილისის დროით 12:00-ზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ (ტაძარში, სამსახურში, სახლში თუ ქუჩაში,) შევეცადოთ, ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა და მთელი მსოფლიო და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევთხოვოთ დახმარება“, – აცხადებს ილია მეორე.

მისივე განცხადებით, კვირას, 20 მარტს კი, სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა, წირვის შემდეგ გადაიხადონ სავედრებელი პარაკლისი უკრაინაში მშვიდობისათვის, ასევე, პანაშვიდი ამ ომში გარდაცვლილთათვის.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას მერე ცდილობს მნიშვნელოვანი ქალაქების დაკავებას. ომს უკრაინაში უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 90-ზე მეტი ბავშვი.

ამ დრომდე საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებებში, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს ეხებოდა, ილია მეორე რუსეთს არ ახსენებდა და ვითარებას აღწერდა, როგორც „უკრაინასა და მსოფლიოში შექმნილი მძიმე მდგომარეობასა“ და „უკრაინაში საომარ მოქმედებებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი