„ლელოს“ წევრ ანა ნაცვლიშვილის თქმით, აღფრთოვანებულია იმით, რომ საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ახერხებს, მუშაობა გამართულად გააგრძელოს.
მისი თქმით, აღმაფრთოვანებელთან ერთად, ეს ფაქტი სევდიანიცაა იმ ფონზე, როცა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას უყურებს.
„მთავარი აღფრთოვანება რაც მიჩნდება, როცა ვუყურებ უკრაინის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის აღფრთოვანება არა მხოლოდ მათი ლიდერით და ხალხით, არამედ სახელმწიფო ინსტიტუციებით, რომელთაც ერთი წუთითაც კი არ შეუწყვეტიათ ფუნქციონირება და სახელმწიფო ინტერესების დაცვა ყველაფრის ფასად. ამ ნაწილში ნამდვილად აღფრთოვანებულიც, აღტაცებულიც ვარ და ამავე დროს, ძალიან სევდიანი ვარ, როცა მიმოვიხედავ და ვხედავ, ჩვენ რას ვაკეთებთ.
ხალხს ბომბები აცვივა თავზე და ისინი ახერხებენ, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად მუშაობდეს, და საქართველოს პარლამენტით დაწყებული, სხვა სახელმწიფო უწყებებით გაგრძელებული, ჩვენ ძალიან შორს ვართ იმ სტანდარტისგან, რასაც ომში მყოფ ქვეყანაში ვხედავთ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
უკვე 20 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 2,9 მილიონზე მეტმა ადამიანმა.