ახალი ამბები

რუსეთის პროკურატურა ნავალნისთვის კოლონიაში 13 წლით პატიმრობას ითხოვს

15 მარტი, 2022 • 1199
რუსეთის პროკურატურა ნავალნისთვის კოლონიაში 13 წლით პატიმრობას ითხოვს

რუსეთი პროკურატურა ითხოვს, რომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის პატიმრობა 13 წლით კოლონიაში მიესაჯოს. ამასთანავე, დაეკისროს ჯარიმა 1.2 მილიონი რუბლის სახით.

Meduza წერს, რომ თავდაპირველად ნავალნისთვის 10-წლიან პატიმრობას ითხოვდნენ, თუმცა, პროკურორის განმარტებით, მანამდე გამოტანილი განაჩენების გამო კიდევ 3 წელი დაუმატეს.

პატიმრობა ნავალნის ე.წ. ივ როშეს საქმის გამო ემუქრება, ხოლო ჯარიმა -„თაღლითობისა და სასამართლოს შეურაცხყოფისთვის“. ეს უკანასკნელი 2020 წელს აღიძრა, თაღლითობის ნაწილში მას ედავებიან, რომ ნავალნიმ მიითვისა მისი ფონდისთვის („კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“) გადარიცხული თანხები, შემდგომ კი სასამართლო პროცესზე მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენა. საბოლოოდ, ეს საქმეები გააერთიანეს.


ალექსეი ნავალნი, რომელიც „ნოვიჩოკით” მოწამვლის შემდეგ 5 თვის განმავლობაში გერმანიაში მკურნალობდა, რუსეთში 2021 წლის 17 იანვარს დაბრუნდა. ის აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას დააკავეს, ქალაქ ხიმკის სასამართლომ კი 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის ედავება “ივ როშეს” საქმესთან დაკავშირებით პირობითი მსჯავრის პირობების მრავალგზის დარღვევას. “ივ როშეს” საქმეზე ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგ ნავალნი 2014 წელს დამნაშავედ ცნეს თაღლითობის მუხლით. გამოძიების ვერსიით, მათ კომპანია “ივ როშე” დაარწმუნეს არახელსაყრელი კონტრაქტის გაფორმებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი