ახალი ამბები

ნავალნი და მისი თანამოაზრეები რუსეთში ტერორისტებად გამოაცხადეს

25 იანვარი, 2022 • 1243
ნავალნი და მისი თანამოაზრეები რუსეთში ტერორისტებად გამოაცხადეს

რუსი პოლიტიკოსი და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, თანამოაზრეებთან ერთად, რუსეთმა ტერორისტთა სიაში შეიყვანა.

რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა (იგივე „როსინფომონიტორინგი“) გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ „არსებობს მტკიცებულება ტერორიზმსა და ექსტრემისტულ საქმიანობაში მათი მონაწილეობის შესახებ“.

გარდა ნავალნისა, ამ სიაში მოხვდნენ ლუბოვ სობალი, ვიაჩესლავ გიმადი, გეორგი ალბუროვი და სხვები.

„თვითმფრინავით მოვფრინავდი, ჩამოსვლისთანავე ტელეფონი ამიფეთქდა. აღმოჩნდა, რომ მე კოლეგებთან ერთად რუსეთის „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ სიაში მოვხვდი. რა ვთქვა. ქვეყანაში, რომელსაც ერთ მთლიან რეგიონს კადიროვი მართავს, ასეთ სიაში მოხვედრა დიდი ბედნიერებაა – ანუ ყველაფერს სწორად ვაკეთებ“, – წერს გეორგი ალბუროვი, ნავალნის გუნდის ერთ-ერთი გამომძიებელი.

მანამდე მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“, „მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდი“ და პოლიტიკოსის რეგიონული შტაბები „ექსტრემისტულ ორგანიზაციებად“ აღიარა.

რუსეთში სასამართლომ ნავალნის ორგანიზაციები “ექსტრემისტულად” აღიარა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი