ახალი ამბები

„ალტ-ინფოს პარტიის ოფისზე უკრაინის დროშის დახატვის შემდეგ მემუქრებიან“ – აქტივისტი

15 მარტი, 2022 • 1065
„ალტ-ინფოს პარტიის ოფისზე უკრაინის დროშის დახატვის შემდეგ მემუქრებიან“ – აქტივისტი

აქტივისტი სამირა ბაირამოვა, რომელმაც გუშინ მარნეულში “ალტ-ინფოს” პარტიის, პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის ფანჯრებზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა, აცხადებს, რომ მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებს.

ბაირამოვას თქმით, მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და აღნიშნავს, რომ პრორუსული ჯგუფებისგან მსგავსი ტიპის მესიჯებს წარსულშიც იღებდა, თუმცა მუქარის განახლებას უკავშირებს სწორედ “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის ფანჯრების მოხატვას:

„მხოლოდ ფანჯრების მოხატვას არ უკავშირდება, თუმცა დღევანდელ შემთხვევას ამას ვუკავშირებ. ეს ჯგუფები და კონკრეტული ადამიანები ადრეც გვიპირისპირდებოდნენ“, – ამბობს სამირა ბაირამოვა „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

აქტივისტის თქმით, მომხდართან დაკავშირებით დღის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართავს.

“ალტ-ინფოს” პარტიის ოფისების გახსნა მოქალაქეებმა არაერთ ქალაქში სხვადასხვა ფორმით გააპროტესტეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი “კონსერვატიულ მოძრაობას”საოფისე ფართი დაატოვებინეს. ასე მოხდა მესტიაში, ხულოსა და შუახევში.

„ალტ-ინფო“ ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა.აქციის მიმდინარეობისას სცემეს ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).ტვ „ალტ-ინფო“, რომელიც თავს უწოდებს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს, მედიამონიტორების შეფასებით, „ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა“.

პარტიაში ამბობენ, რომ მზად არიან რუსეთთან „პარტნიორული ურთიერთობებისთვის“. 14 მარტს კი “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ პარტია სრული შემადგენლობით გეგმავს რუსეთში ვიზიტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი