ახალი ამბები

ღარიბაშვილი განმარტავს, რატომ არ უშვებდნენ პრეზიდენტს ევროპაში

15 მარტი, 2022 • 3692
ღარიბაშვილი განმარტავს, რატომ არ უშვებდნენ პრეზიდენტს ევროპაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს მიზეზს, თუ რატომ ეთქვა უარი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროპის დედაქალაქებში ვიზიტებზე. ამის შესახებ ღარიბაშვილმა დღეს, 15 მარტს ისაუბრა.

“როცა ასეთი რთული პროცესებია რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს უკრაინაში, მე და მთავრობის თითოეულ წევრს მიგვაჩნდა და მიაჩნია დღესაც, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში. ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი და მოტივაცია იმისა, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე.

აქვე დავამატებდი, ისევ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და განახორციელებს საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, პრეზიდენტის ნებისმიერი შეხვედრა, ვიზიტი უნდა თანხმდებოდეს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს მთავრობასთან”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, ის ვარაუდობს, რომ ზურაბიშვილი “შეცდომაშია შეყვანილი” და “გაუგებრობაში აღმოჩნდა”, თუმცა, ჟურნალისტების შეკითხვების მიუხედავად, არ დააკონკრეტა, ვინ “შეიყვანა შეცდომაში” ზურაბიშვილი.

პრემიერ-მინისტრის განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე, “ქართულმა ოცნებამ” აღნიშნულ საკითხზე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ პრეზიდენტისთვის მთავარსარდლის სტატუსი მხოლოდ “ცერემონიული დატვირთვის მატარებელია”:

“საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს კონსტიტუციას ვერ კითხულობს და დღემდე მის არსში ვერ გაერკვა, ან ის ამ შემთხვევაშიც კონსტიტუციის თავისებურად გადაწერას ცდილობს. მთავარსარდლის სტატუსზე მითითებაც იმ პირობებში, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს სტატუსი მხოლოდ ცერემონიული დატვირთვის მატარებელია, იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას სწორად ვერ ან არ კითხულობს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკაში უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანო საქართველოს მთავრობაა”, – ნათქვამია იყო მმართველი პარტიის განცხადებაში.


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროპის დედაქალაქებში ოფიციალური ვიზიტების გამართვაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა.

მისი თქმით, ამის გამო მას მოუწია, რომ ოფიციალური ვიზიტები პირად ვიზიტებად გადაეკეთებინა.

ამის შესახებ მან პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას, დღეს, 14 მარტს ისაუბრა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის ქვეყნებში გაემგზავრა მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხმამაღლა საუბრობდა უკრაინის მხარდაჭერაზე. პარალელურად, „ქართული ოცნება“ და პრემიერი ღარიბაშვილი საჯაროდ ცდილობდნენ საკითხიდან დისტანცირებას.

გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ საქართველო არ შეუერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. საბოლოოდ, საქართელოს ხელისუფლება არასაკმარისი მხარდაჭერისა და საჯარო განცხადებების გამო უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმაც გააკრიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი