12 მარტს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარ ავტოავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. საქართველოს პროკურატურის თანახმად, რომელიც საქმეს იძიებს, სამივე მათგანი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი იყო.
უწყების მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევა 10:45 საათზე, მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე მოხდა.
“…საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანის და „FORD TRANSIT“-ის მარკის ევაკუატორის შეჯახების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პატრულ-ინსპექტორი და ევაკუატორის მძღოლი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს”, — აცხადებს პროკურატურა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
“საქართველოს პროკურატურა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს”, — ვკითხულობთ განცხადებაში.