ახალი ამბები

სასამართლომ ნაკაიძე ნაწილობრივ გაამართლა და 1 წელი მიუსაჯა

11 მაისი, 2023 • 866
სასამართლომ ნაკაიძე ნაწილობრივ გაამართლა და 1 წელი მიუსაჯა

“მთავარი არხის” დილის გადაცემის ყოფილი წამყვანი ლაშა ნაკაიძე, რომელსაც სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობას, ასევე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელებას ედავებოდნენ, სასამართლომ ნაწილობრივ გაამართლა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებს.

ნაკაიძეს ოთხი მუხლით ედავებოდნენ: ოჯახის წევრის მიმართ მუქარა, ოჯახში ძალადობა, გაუპატიურება და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელება.

პროკურატურის მიხედვით, ნაკაიძე სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ მუქარის და ძალადობის ჩადენისთვის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გამამართლებელი ნაწილი გაუპატიურების, ასევე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელების მუხლებს ეხება.

“პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს [ნაკაიძის] მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ ნაწილობრივ გამამართლებელ გადაწყვეტილებას, ოჯახის წევრის გაუპატიურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელების ფაქტებზე”,  — აღნიშნულია განცხადებაში.

“მთავარი არხის” დილის გადაცემის ყოფილი წამყვანი გასული წლის აგვისტოში დააკავეს.

გამოძიების ცნობით, 2022 წლის 15 აგვისტოს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით შურისძიების ნიადაგზე, ბრალდებული დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ასევე, სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა დაზარალებულზე.

აღნიშნულის შემდგომ, გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.

ტელეწამყვანი ბრალს არ აღიარებდა.

“პროკურატურა განაჩენს, რომლითაც ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი ბრალდების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს”, — ამბობს უწყება.

სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა „მთავარი არხი“. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ ემიჯნებიან ნებისმიერი სახის ძალადობას და არ განიხილავენ ნაკაიძესთან თანამშრომლობის აღდგენის საკითხს.

მასალების გადაბეჭდვის წესი