„წარმოუდგენელი რამ ხდება, ეთნიკურად ქართველები წერენ, რომ მე ეთნიკურად ქართველი ვარ, მაგრამ არ მაქვს ტრადიციული კავკასიური გარეგნობა, ჩემივე თანამოქალაქეს რუსი ვეგონე და თავს დამესხა ქუჩაშიო“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანმა „იმედის“ ეთერში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში ყველამ ეთნოსზე საუბარი დაიწყო და „საშინელება ხდება“.

მისი თქმით, სტატისტიკა არ აჩვენებს, რომ ბოლო დღეებში საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რიცხვმა იმატა. როგორც წულუკიანი ამბობს, დღეს მოქმედი კანონი ძალიან კარგი გარანტიაა იმისთვის, რომ „ვინც არ არის კეთილი განზრახვით მოსული საზღვართან, ის ვერ შემოდის“.

მისი თქმით, ვინც საქართველოში შემოდის, ის არავითარი პრობლემის მატარებელი არ არის.

„საშინელება ხდება ამ დღებში, ყველამ დაიწყო ეთნოსზე და ეროვნებაზე საუბარი. წარმოუდგენელი რამ ხდება. ეთნიკურად ქართველები წერენ, რომ მე ეთნიკურად ქართველი ვარ, მაგრამ არ მაქვს ტრადიციული კავკასიური გარეგნობა, ჩემივე თანამოქალაქეს რუსი ვეგონე და თავს დამესხა ქუჩაშიო. ეს არის წარმოუდგენელი რამ. იყო ასევე შემთხვევები, რომ თავს დაესხნენ ომის პარტიის მიერ წაქეზებული, ან მათი პარტაქტივი, და აღმოჩნდა, სულაც უკრაინელია. აქედან გამომდინარე, ფობიები გვერდზე უნდა გადავდოთ, ეს არის სირცხვილი და უნდა იპოვოს ამ პარტიამ თავის თავში ძალა, რომ ეს ქსენოფობიური განცხადებები შეწყვიტოს“, – განაცხადა წულუკიანმა.


მას შემდეგ, რაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო რუსეთს სანქციები დაუწესდა, “ტელეგრამზე” გაჩნდა არხები, სადაც რუსეთის მოქალაქები განიხილავენ და ერთმანეთს რჩევებს აძლევენ საქართველოში ჩამოსვლასთან და ცხოვრებასთან დაკავშირებით. ამ ცნობებს დისკუსია მოჰყვა საქართველოში. შეიქმნა პეტიციაც, რომლითაც მოქალაქეები რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვენ.