ახალი ამბები

ჰარისის თქმით, აშშ და პოლონეთი მზად არიან, უკრაინის მხარდაჭერა ერთობლივად გააგრძელონ

10 მარტი, 2022 • 1858
ჰარისის თქმით, აშშ და პოლონეთი  მზად არიან, უკრაინის მხარდაჭერა ერთობლივად გააგრძელონ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ამერიკა და პოლონეთი მზად არიან, უკრაინის დასახმარებლად ერთიანობა გააგრძელონ.

ამის შესახებ ჰარისმა პოლონეთში ვიზიტისას განაცხადა. ჰარისი პოლონეთში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ცნობილი გახდა, რომ პენტაგონმა უარი განაცხადა პოლონეთის შეთავაზებაზე, რომელიც უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას ეხებოდა.

“მინდა მკაფიოდ ვთქვა, აშშ და პოლონეთი ერთიანი არიან იმაში, რაც ჩვენ გავაკეთეთ უკრაინას და უკრაინელ ხალხის დასახმარებლად და მზად ვართ, ეს გავაგრძელოთ“, – განაცხადა ჰარისმა.

ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზინდენტმა ხაზი გაუსვა რეგიონის უსაფრთხოების დაცვის მიმართ ერთგულებას და განაცხადა, რომ აშშ პოლონეთს გადასცემს პატრიოტის ორ სარაკეტო სისტემას.


პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მათეუშ მორავიეცკის თქმით, უკრაინაში შეიარაღების  გაგზავნაზე გადაწყვეტილება ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ერთსულოვნად უნდა მიიღონ. მისი თქმით, ამიტომ გეგმავენ საკუთარი ხომალდების გერმანიაში, აშშ-ის ბაზაზე განთავსებას, თუმცა აღნიშნავს, რომ პოლონეთი არაა მზად, რაიმე ნაბიჯი დამოუკიდებლად გადადგას, რადგანაც აცხადებენ, რომ ამ ომში მხარე არ არის.

AP News წერს,  რომ ვაშინგტონი განიხილავდა შეთავაზებას, რომლის ფარგლებშიც პოლონეთს უკრაინისთვის Mig-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები უნდა გადაეცა, სანაცვლოდ კი ამერიკულ F-16 უნდა მიეღოთ, რადგანაც უკრაინელ პილოტებს საბჭოთა წარმოების საფრენი აპარატების მართვა შეუძლიათ. ამგვარი საბრძოლო თვითმფრინავები ნატოს იმ ქვეყნების ავიაპარკშია, რომლებიც წარსულში საბჭოთა კავშირის ბანაკში იყვნენ, მათ შორის, სლოვაკეთისა და ბულგარეთის.

გამოცემა წერს, რომ თვითმფრინავების გადაცემას თან ახლავს სირთულეები, რადგანაც არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ტრანზაქციაში მონაწილეობის მიღება არ სურთ, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ ეს ექსტრემალურად დაძაბავს რუსეთთან ისედაც ცუდ ვითარებას.

იმისათვის, რომ ნატო და ევროკავშირი პირდაპირ არ ყოფილიყვნენ გარიგების მონაწილენი, აშშ-ის და პოლონეთის მთავრობა სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავდნენ. მათ შორის მოიაზრებოდა ხომალდების აშშ-თვის დონაციაც. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ სცენარით პოლონეთს თვითმფრინავები გერმანიაში, აშშ-ის ბაზაზე უნდა განეთავსებინა, რის შემდეგაც მათ შეღებავდნენ და ნატოსა და ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში განათავსებდნენ, საიდანაც უკრაინელი პილოტები თავიანთ ქვეყანაში გაფრინდებოდნენ.

ამ დრომდე არცერთ ქვეყანას არ განუცხადებია, რომ სატრანსპორტო კვანძი იქნებოდა ამ გარიგებაში, თუმცა AP წერს, რომ ბევრი ქვეყანა ამ მიზნისთვის კოსოვოს განიხილავდა. გარდა ამისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ პოლონეთის მიერ თვითმფრინავების გაცემა დაასუსტებდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას იმ ფონზე, როცა აღმოსავლეთ ევროპაში დაძაბულობა იმატებს. თუმცა პოლონეთი აშშ-გან  სანაცვლოდ ითხოვდა F-16 ტიპის თვითმფრინავებს.

პენტაგონი Mig-ებზე პოლონეთის შეთავაზებას არაგონივრულს უწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი