საზოგადოება

პენტაგონი Mig-ებზე პოლონეთის შეთავაზებას არაგონივრულს უწოდებს

9 მარტი, 2022 • 5610
პენტაგონი Mig-ებზე პოლონეთის შეთავაზებას არაგონივრულს უწოდებს

პენტაგონი უარს ამბობს პოლონეთის შეთავაზებაზე, რომელიც საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას ეხებოდა.

როგორც AP News წერს, ეს არის დისჰარმონიის იშვიათი გამოვლინება ნატოს მოკავშირეების მხრიდან, რომლებიც ეძებენ გზას უკრაინელი მებრძოლების დასახმარებლად, პარალელურად კი, რუსეთთან ომში ჩართვის საშიშროების თავიდან არიდებას ცდილობენ.

პენტაგონის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, პოლონეთის შეთავაზებამ, განათავსოს 28 სამხედრო თვითმფრინავი გერმანიაში აშშ-ის ბაზაზე, წარმოშვა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩართვის შემაშფოთებელი პერსპექტივა:

„ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს პოლონეთსა და ნატოს მოკავშირეებთან ამ საკითხზე და მასთან დაკავშირებულ რთულ ლოგისტიკურ გამოწვევებზე. თუმცა არ ვფიქრობთ, რომ პოლონეთის შემოთავაზება გონივრულია“ ,- განაცხადა პენტაგონის სპიკერმა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შეთავაზებაზე დათანხმება მორალურად წაახალისებდა უკრაინელ მებრძოლებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის თავდასხმებს იგერიებენ, თუმცა, ამავდროულად, აჩენს რისკებს, რომ ომი უკრაინის მიღმაც გაფართოვდება.

AP News წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აღნიშნული ვარიანტი განხილული არ ყოფილა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოლონეთში ვიზიტისას. თეთრ სახლის წარმომადგენლები, რომლებიც გამოცემას კონფიდენციალურობის გარანტიით ესაუბრნენ, აცხადებენ, რომ ლოჯისტიკური თვალსაზრისით უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემა მარტივად მოგვარებადი არ იქნება.

ამასთან, აშშ ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა დაადასტურა, რომ პოლონეთის მხრიდან თვითმფრინავების გადაცემის ეს ვარიანტი წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა ამერიკულ მხარესთან.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი განიხილავდა შეთავაზებას, რომლის ფარგლებშიც პოლონეთს უკრაინისთვის Mig-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები უნდა გადაეცა, სანაცვლოდ კი ამერიკულ F-16 უნდა მიეღოთ, რადგანაც უკრაინელ პილოტებს საბჭოთა წარმოების საფრენი აპარატების მართვა შეუძლიათ. ამგვარი საბრძოლო თვითმფრინავები ნატოს იმ ქვეყნების ავიაპარკშია, რომლებიც წარსულში საბჭოთა კავშირის ბანაკში იყვნენ, მათ შორის, სლოვაკეთისა და ბულგარეთის.

AP News-ის თქმით, დამატებითი ტექნიკა საჰაერო თავდაცვისთვის, უკრაინის არმიისთვის ახლა ნომერ პირველი პრიორიტეტია. ქვეყნის თავდაცვის ატაშემ, გენერალ-მაიორმა ბორის კრემენეცკიმ პენტაგონში შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ Associated Press-ს უთხრა, რომ დახმარება შეიძლება მოიცავდეს ხმელეთზე ბაზირებულ საჰაერო თავდაცვის სისტემას, საბრძოლო თვითმფრინავებს ან ყველაფერს, რისი მიწოდებაც შესაძლებელია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინას ასევე დამატებით სჭირდება ანტისატანკო, ჯავშანსაწინააღმდეგო და სანაპირო თავდაცვის სიმძლავრეები, რათა თავი დაიცვას რუსული გემებისგან ქვეყნის სამხრეთ ნაწილში.

აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი AP News-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ შესაძლებელია, საბრძოლო თვითმფრინავებზე მეტად უკრაინამ იმ შეიარაღებით ისარგებლოს, რომელსაც ყოველდღიურად იყენებს, მათ შორის, სტინგერებს და ჯაველინებს. ამასთან, წყარო გამოცემას  ეუბნება, რომ რუსეთს ამ წუთისთვის შეუძლია, უკრაინის თითქმის ყველა წერტილს მისწვდეს ხმელეთიდან და ჰაერიდან დასაბომბად.

გამოცემა წერს, რომ თვითმფრინავების გადაცემას თან ახლავს სირთულეები, რადგანაც არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ტრანზაქციაში მონაწილეობის მიღება არ სურთ, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ ეს ექსტრემალურად დაძაბავს რუსეთთან ისედაც ცუდ ვითარებას.

იმისათვის, რომ ნატო და ევროკავშირი პირდაპირ არ ყოფილიყვნენ გარიგების მონაწილენი, აშშ-ის და პოლონეთის მთავრობა სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავდნენ. მათ შორის მოიაზრებოდა ხომალდების აშშ-თვის დონაციაც. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ სცენარით პოლონეთს თვითმფრინავები გერმანიაში, აშშ-ის ბაზაზე უნდა განეთავსებინა, რის შემდეგაც მათ შეღებავდნენ და ნატოსა და ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში განათავსებდნენ, საიდანაც უკრაინელი პილოტები თავიანთ ქვეყანაში გაფრინდებოდნენ.

ამ დრომდე არცერთ ქვეყანას არ განუცხადებია, რომ სატრანსპორტო კვანძი იქნებოდა ამ გარიგებაში, თუმცა AP წერს, რომ ბევრი ქვეყანა ამ მიზნისთვის კოსოვოს განიხილავდა. გარდა ამისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ პოლონეთის მიერ თვითმფრინავების გაცემა დაასუსტებდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას იმ ფონზე, როცა აღმოსავლეთ ევროპაში დაძაბულობა იმატებს. თუმცა პოლონეთი აშშ-გან  სანაცვლოდ ითხოვდა F-16 ტიპის თვითმფრინავებს.

AP წერს, რომ ამჟამად ამერიკული F-16-ების წარმოება გადატვირთულია, ვინაიდან თვითმფრინავების მიღების რიგში ტაივანი დგას, რომელსაც კონგრესის მყარი მხარდაჭერა აქვს. თუმცა საკუთარ განცხადებაში პოლონეთმა “მეორეული” თვითმფრინავები მოითხოვა, რაც ბაიდენის ადმინისტრაციას აძლევს კონგრესის წინააღმდეგობის გვერდის ავლის შესაძლებლობას.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მათეუშ მორავიეცკის თქმით, უკრაინაში შეიარაღების  გაგზავნაზე გადაწყვეტილება ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ერთსულოვნად უნდა მიიღონ. მისი თქმით, ამიტომ გეგმავენ საკუთარი ხომალდების გერმანიაში, აშშ-ის ბაზაზე განთავსებას, თუმცა აღნიშნავს, რომ პოლონეთი არაა მზად, რაიმე ნაბიჯი დამოუკიდებლად გადადგას, რადგანაც აცხადებენ, რომ ამ ომში მხარე არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი